რატომ (არ) გვეშინია ყოველივე “ხელოვნურის”?
„არ ვარგა, ქიმიაა“
„მცენარეული საშუალებაა, ჯანსაღი“
„მხოლოდ ორგანულ პროდუქტებს გთავაზობთ“
ასეთი ფრაზები დღეს ხშირად გვესმის და ისიც ვიცით, რას ნიშნავს: „ხელოვნური“ ცუდია, ბუნებრივი – კარგი. საიდან მოდის ასეთი დამოკიდებულება? რიგ შემთხვევაში „ხელოვნურის“ მიმართ სკეპტიციზმსა და ბუნებრივით აღტაცებას თავისი სამართლიანი მიზეზებიც აქვს, თუმცა მათი ჯიუტი დაყოფა ხშირად არათუ სიმართლეს მოკლებული, ჯანმრთელობისთვის საზიანოც შეიძლება აღმოჩნდეს. მცდარ წარმოდგენებში ადამიანური ფაქტორის გარდა თავისი წილი პასუხისმგებლობა სისტემურ პრობლემემსაც ეკისრება.
ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, ჯანმრთელობის ექსპერტი, გაეროს ასოციაცია
სიტყვა „ხელოვნური“ ბრჭყალებში ტყუილად არ არის მოქცეული. დიდი ხანია, ეს სიტყვა პრობლემად სწორედაც რომ “ხელოვნურად” ვაქციეთ. უსიამოვნო ჟღერადობის უკან კი მარტივი რეალობაა: საბოლოოდ ხომ ყველაფერი, რასაც ხელოვნურს ვუწოდებთ, ბუნების წიაღიდან წარმოიშობა და ბუნებაში მოპოვებული მატერიალური ერთეულების შეცვლის, დამუშავების, ურთიერთქმედებისა ან გარდაქმნის შედეგია.
ბუნების მაცდური მიმზიდველობა
ხელოვნურია ყველაფერი, რაც გარემოში ადამიანის ზემოქმედების შედეგად გვხვდება. ბუნებრივი კი ისაა, რაც ბუნებაში ადამიანის ჩაურევლად, პრიმიტიული ფორმით არსებობს.
რთულია, ბუნებრივით აღტაცება არ გაიზიარო. დღეს ბუნება სილამაზესთან, მრავალფეროვნებასთან, სიჯანსაღესთან და განტვირთვასთან ასოცირდება. ბუნებისადმი ლტოლვა ურბანიზაციამაც გააძლიერა, როცა ბევრმა გუდა-ნაბადი აიკრა და სარჩოს საძიებლად ქალაქს მიაშურა. დროსთან ერთად ქალაქის რუტინამ, ჭარბმა ხმაურმა და დაბინძურებამ თავისი ქნა. ხმაურს მოშორებული ველ-მინდვრები, ხელუხლებელი ტყეები, ანკარა წყაროები და სუფთა ჰაერი უფრო და უფრო კონტრასტულად და მიმზიდველად მოგვეჩვენა.
მთავარი თავისტკივილი მაშინ იწყება, როცა ასეთი დამოკიდებულება სამედიცინო ჩარევის ფორმის არჩევისასაც იჩენს თავს.
თუმცა ასეთმა რომანტიზებულმა დამოკიდებულებამ მარტივად შეიძლება დაგვავიწყოს ის უამრავი ხიფათი, რომელსაც ბუნება თავის წიაღში მალავს. რა არის კაცობრიობის ისტორია, თუ არა ბუნების პირვანდელი სახისგან თავდაცვის მუდმივი მცდელობა? რაც უფრო მეტად იყო ცივილიზაცია ბუნების შეუცვლელ, პირველად ფორმასთან პირისპირ დარჩენილი, მით უფრო არაპრაქტიკული და საფრთხის შემცველი იყო ცხოვრება. ადამიანი ოდითგანვე ბუნების, როგორც ქაოსური და საშიში მოცემულობის შეცვლას, დაორგანიზებას, გაუვნებლებასა და, დიახ, „გახელოვნურებას“ ლამობს.
დაცული საცხოვრისი, უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებები, მედიკამენტები, სუფთა წყალი, ვაქცინაცია, უსაფრთხო საკვები და მკვეთრად გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთი „ხელოვნური“ ჩარევის შედეგთა არასრული ჩამონათვალია. დღეს ამ ცვლილებებს ვხედავთ და ყოველდღიურობაშიც ვიყენებთ. და მაინც, „ხელოვნურმა“ ჩვენი გული ვერა და ვერ მოიგო. ეს სიტყვა ბევრგან, მათ შორის საქართველოშიც, კვლავ უსიამოვნო განცდას იწვევს. რატომ?
სკეპტიციზმი და მისი საზღვრები
ვაღიაროთ, სამეცნიერო მიღწევებთან ერთად ადამიანები „აქამდე“ რაღაცების ეჭვქვეშ დაყენების უნარმაც მოგვიყვანა. „ხელოვნურობის“ მიმართ სკეპტიციზმიც შეიძლება ნაწილობრივ სამართლიანი იყოს.
სიტყვას სახელი განსაკუთრებით კვებითმა მრეწველობამ გაუტეხა. საკვების წარმოებისას აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობისთვის პოტენციურად მავნებელი ნივთიერებები – პესტიციდები, კონსერვანტები, კონცენტრირებული დამატკბობლები და სხვა. დახლიდან აღებული პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ენერგიულად მკვრივ და მაღალკალორიულ, მაგრამ თან ნაკლებად დამანაყრებელ საკვებ ერთეულებს, რომლებიც ჭარბი კვებისკენ გვიბიძგებს. კერძო ინტერესს გამოდევნებული მწარმოებლები ასეთ დანამატებს სხვადასხვა მიზეზით იყენებენ, იქნება ეს გემოს გასაძლიერებლად, ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად, მოსავლიანობის გასაზრდელად თუ მოსავლის პარაზიტი ფეხსახსრიანებისგან (მაგალითად, კარგად ნაცნობი ფაროსანებისგან) დასაცავად.
კაცობრიობის სვლა ბუნებრიობიდან ხელოვნურობისკენ გარდაუვალია და, მეტიც – ბუნებრივია.
დღეს ასეთი საკვების უსაფრთხოება მკაცრად არის რეგულირებული – განსაკუთრებით, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში. ამის მიუხედავად, ე.წ. გლობალურ ჩრდილოეთში ბევრი მაინც „ნატურალურ“ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას და „ხელოვნურად“ დამუშავებული საკვების მიმართ უნდობლობას იჩენს. ეს უნდობლობა, რაღა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია ბიზნესებს და ბევრმა კომპანიამ „ორგანულობა“ წარმატებით აქცია საკუთარ კომერციულ ნიშად. საკვები პროდუქტის ეტიკეტზე „ბიო“ ან „ნატურალურის“ წაკითხვა მომხმარებლის ავტომატურ კეთილგანწყობას იწვევს – სულ მცირე, სანამ ფასსაც შეხედავენ.
ამ დროს კი უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნებრივი პროდუქტი შეიძლება ჯანმრთელობისთვის უფრო მავნებელიც იყოს. თუ ჩვენთვის ჯანსაღ საკვებს ვეძებთ, პროდუქტის შერჩევისას ბუნებრიობის ხარისხზე მეტად ყურადღება შემავალი ნივთიერებების ჩამონათვალსა და რაოდენობას უნდა მივაქციოთ. დღეს სამეცნიერო კვლევების წყალობით შეგვიძლია, კვებითი ერთეულები უვნებლად ან საფრთხის შემცველად დავყოთ. დროთა განმავლობაში, ხელოვნური პროცესით საკვების უსაფრთხოების ხარისხის ზრდა გარდაუვალიც კია.
ჩვენ მიერ დღეს მოხმარებული საკვები ჩვენი ჯანმრთელობისთვის რადიკალურად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე პრეინდუსტრიულ ეპოქაში, როცა საკვების ან სასმლის დამუშავებისა და შენახვის ხარისხს ვერავინ აკონტროლებდა. იმ დროს არც საკვები ნივთიერებების შესწავლის შესაძლებლობა არსებობდა, რაც საკვებით მოწამვლას ადამიანთა შორის სიკვდილის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად აქცევდა.
საკვებს ვინღა ჩივის
საკვების შერჩევისას ბუნებრივისთვის უპირობოდ უპირატესობის მინიჭება ნაკლებად საგანგაშოა. მთავარი თავისტკივილი მაშინ იწყება, როცა ასეთი დამოკიდებულება სამედიცინო ჩარევის ფორმის არჩევისასაც იჩენს თავს.
პრობლემა მრავალი მიზეზითაა ნასაზრდოები. ჯანდაცვის სისტემაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი და სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი საზოგადოებაში თანამედროვე მედიცინის მიმართ უნდობლობას თესავს. არაეფექტური სამედიცინო მომსახურების სიჭარბე ფართო ასპარეზს უთმობს ე.წ. „ტრადიციულ მედიცინას“, რომელიც პაციენტს ბუნებრივი საშუალებებით განკურნებას ჰპირდება. უნდობლობის პირობებში, ადამიანებს ურჩევნიათ, რჩევები ახლობლებისა და ნათესავებისგან მიიღონ. განათლების კუთხით დიდხნიანი ჩავარდნების ფონზე კი ხშირად არც ახლობლები არიან ხოლმე საკითხში საკმარისად განსწავლული: მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცოდნა ხშირად ტრადიციულ, დრომოჭმულ და ანტიმეცნიერულ გადმოცემებს ეყრდნობა. ასეთი გადმოცემები კი გაჟღენთილია მითებით ბუნებრივი საშუალებების განსაკუთრებული უნარების შესახებ.
იზრდება მათი რიცხვი, ვინც მიღებული სამედიცინო დახმარებით იმედგაცრუებულია. პაციენტები ვეღარ აღიქვამენ მოდერნული, კვლევებზე დაფუძნებული მედიცინის სიკეთეებს და ტრადიციულ მედიცინას მიმართავენ.
გაციების დროს თაფლიანი ხახვის სიროფისა და ნივრის მიღება ადამიანს არც ავნებს და არც არგებს. ამგვარი მიდგომა სარისკო შედარებით სერიოზული პრობლემების ფონზე ხდება. მაგალითად, თუკი პაციენტი გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებით იტანჯება, კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევაზე უარის თქმა და ბუნებრივი საშუალებებით ფონს გასვლის მცდელობა შეიძლება მნიშვნელოვნად საზიანო აღმოჩნდეს.
საქართველოში პრობლემის სიმწვავეს არაკეთილსინდისიერი „ფარმაცევტების“ სიხარბეც უწყობს ხელს. ასეთი მწარმოებლები სათავისოდ იყენებენ მოსახლეობაში გამჯდარ უნდობლობას და „ხალხურობის“ ნიშის ქვეშ არადანიშნულებისამებრ ყიდიან გაურკვეველ „ელექსირებს“, მცენარეულ საშუალებებს, მალამოებს და ა.შ. ტრადიციული მედიცინის გავრცელებას და ბუნებრივი საშუალებების პოპულარიზაციას ხელს სოციალური ქსელებიც უწყობს.
საიდან მოდის სასოწარკვეთა?
რთულია, იმედდაკარგულ პაციენტს უსაყვედურო, თუკი ის განკურნების იმედით სარისკო მეთოდებს მიმართავს. განა ვინ დაიზიანებს საკუთარ ჯანმრთელობას გამიზნულად? პრობლემა სასოწარკვეთაში უნდა დავინახოთ, უფრო სწორად კი იმ სისტემურ პრობლემებშიც, რომლებიც ასეთ სასოწარკვეთას შობს.
ქართული სამედიცინო მომსახურების ხარისხი არაერთგვაროვანია – როგორც ჯანდაცვის პირველად რგოლში, ასევე ჰოსპიტალურ სექტორში. მეტიც, ხშირად პერსონალის კვალიფიციურობის დონე ერთსა და იმავე ჰოსპიტალშიც მკვეთრად განსხვავდება ხოლმე. ამიტომ, საქართველოში ჩვევად იქცა, რომ პაციენტი პირველად რგოლს, ანუ ოჯახის ექიმის მომსახურებას, მხოლოდ ბიუროკრატიული ნიუანსების მოგვარებისთვის ან თანადაფინანსების მოსაპოვებლად იყენებს, შემდეგ კი კვალიფიციური ექიმის მოძიებას საკუთარი სახსრებით ცდილობს. სხვადასხვა გეოგრაფიული თუ ფინანსური წინაღობის გამო, ეს რთული და ხშირად ძვირი ამოცანა ხდება. შედეგად, იზრდება მათი რიცხვი, ვინც მიღებული სამედიცინო დახმარებით იმედგაცრუებულია. პაციენტები ვეღარ აღიქვამენ მოდერნული, კვლევებზე დაფუძნებული მედიცინის სიკეთეებს და ტრადიციულ მედიცინას მიმართავენ.
მაინც, რატომ ეშინიათ ექიმებს ტრადიციული ალტერნატივის? ბოლოს და ბოლოს, ხომ არიან პაციენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბუნებრივი საშუალების მიღების შედეგად მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა?
მკაცრ და მეცნიერულ პროცესს „ხალხური“ საშუალებები არ გადის. მაშინაც კი, თუ ისინი მართლაც შეიცავს გარკვეულ სამკურნალო თვისებებს, ჩვენ არაფერი ვიცით მათი ზოგადი უსაფრთხოების შესახებ.
ასეთ მტკიცებებს ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ. შეიძლება, ბუნებრივი ნივთიერებები მართლაც შეიცავდეს სამკურნალო თვისების მქონე ნივთიერებებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის რიგიანად შემოწმებულ, აფთიაქის დახლზე ხელმისაწვდომ მედიკამენტშიც გვხვდება. თუმცა „ხალხური“ წესით დამზადებული საშუალებების შემადგენლობისა და დოზის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება რთულია. სანამ ახალი მედიკამენტი შეიქმნება და მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, იგი მკაცრ შემოწმებას გადის. მისი დამტკიცებისთვის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და სწორი თერაპიული დოზის შერჩევაა საჭირო. ერთეული დოზის მიღებისას – იქნება ეს კაფსულით თუ აბის სახით – ნივთიერების კონცენტრაცია იმგვარად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ მას მხოლოდ თერაპიული ეფექტი ჰქონდეს და არასასურველი მოვლენების რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
ასეთ მკაცრ და მეცნიერულ პროცესს „ხალხური“ საშუალებები არ გადის. მაშინაც კი, თუ ისინი მართლაც შეიცავს გარკვეულ სამკურნალო თვისებებს, ჩვენ არაფერი ვიცით მათი ზოგადი უსაფრთხოების შესახებ. შესაბამისად, თუკი აფთიაქში შეძენილი წამლის გვერდით ეფექტებს გულისფანცქალით ვკითხულობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი წამალი ბუნებრივ ნაყენზე მეტ რისკს შეიცავს. უბრალოდ, ნაყენის შემთხვევაში, ჩვენ ასეთი რისკების შესახებ საერთოდ არაფერი ვიცით.
„ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა“?
თუკი ბუნების ორბუნებიანობის შესახებ უწინ პოეტები წუხდნენ, დღეს ამაზე ჯანდაცვის ექსპერტები ღელავენ. სამედიცინო სერვისების არაერთგვაროვანი ხარისხი და დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება პაციენტს დაუცველ მდგომარეობაში აგდებს. თუმცა, სანამ სისტემურ გამოწვევებს ეშველება, სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ინდივიდუალური ძალისხმევით მოძიება.
ბუნებას მიჩვეული ვართ, თითქოს შინაურია, ბოლომდე შესწავლილი. ხელოვნური კი ხშირად ჩვენი თვალსაწიერის მიღმა იქმნება და ჩვენამდე უკვე მზა სახით აღწევს, რაც სიუცხოვის „გემოს“ გვიტოვებს. ბუნებაში ადამიანის ხარბი და არასწორი ჩარევის დამანგრეველი შედეგის მომსწრეც ხომ არაერთხელ გავმხდარვართ. თუმცა, როცა საქმე მედიცინაზე მიდგება, ბუნების გარდაქმნა უმეტესად ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს და არა ჩვენ წინააღმდეგ. ბუნებრივი რესურსების ნაწილი ამოწურვადია და გარკვეულ დარგებში კაცობრიობის მიზანი სწორედაც რომ მათზე დამოკიდებულების შემცირება და მათი თვითგანახლებადი რესურსებით ჩანაცვლებაა.
ასე რომ, კაცობრიობის სვლა ბუნებრიობიდან ხელოვნურობისკენ გარდაუვალია და, მეტიც – ბუნებრივია.