skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებას პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგა და მმართველი გუნდი მკაცრად გააკრიტიკა. პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებები მოჰყვა.

„საქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა პოზიციებს გთავაზობთ:

მმართველო გუნდის შეფასება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი „ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა“. „ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს“, – ხაზი გაუსვა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, დღეს პრეზიდენტისგან „ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი ვერ გვექნებოდა“. „როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე პრეზიდენტი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებს „კონსპირაცია“ უწოდა და სალომე ზურაბიშვილს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაზე მისივე განცხადებები შეახსენა. „იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე“, – აღნიშნა მან.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში „უკიდურესად ტენდენციური“ გამოსვლა ჰქონდა. „თქვენ 2018 წელს ბრძანეთ, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა და მან დაიწყო ომი“, – მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს და ჰკითხა დღესაც იგივე პოზიცია აქვს თუ არა აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას“, – უთხრა მდინარაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და სთხოვა მას აეხსნა, თუ რატომ ემთხვევა მისი განცხადებები „რადიკალური ოპოზიციის“ განცხადებებს. „რაც ყველაზე სამწუხაროა, ვინც თქვენ ხმა მოგცათ, იმის პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თქვენი დღევანდელი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც თქვენ მოღალატეს და აგენტს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მანვე პრეზიდენტს ისიც შეახსენა, რომ საზოგადოების დაკვეთა იყო „არა ძალადობას“ და „არა ნაცმოძრაობას“. „დღეს თქვენ ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანიაც, მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ… რაც არ უნდა მოწოდებები და ნარატივის დალაგების მცდელობა იყოს, ქალბატონო სალომე, თქვენ, სამწუხაროდ, თქვენ მიერ ქართული საზოგადოების დაკვეთა არ შეასრულეთ, უკაცრავად, მაგრამ ობიექტური არ ხართ, „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება ობიექტურობა არაა“, – ხაზი გაუსვა მდინარაძემ.

ოპოზიციის შეფასება

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კარგი, ობიექტური შეფასებები გააკეთა. მივიღებთ ასევე იმ კრიტიკასაც, რაც ოპოზიციასთან მიმართებაში გააჟღერა ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუმცა ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ვინაიდან დღეს ხელისუფლებაზეა მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარების და პოლიტიკური პროცესების წარმართვაზე“, – თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, „დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის არც თუ ჩვეულებრივი გამოსვლა“. „ამ ტრიბუნას ბევრჯერ უნახავს სხვადასხვა ტიპის გამოსვლა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა… გაბრაზებული იმით, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა, რომ მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი [და] ამ ვითარებას შეხვდა იმ გაუგებრობაში“, – თქვა დავით უსუფაშვილმა და დასძინა – „ქალბატონო სალომე, ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება უფრო წინ ყოფილიყავით, მაგრამ არაუშავს, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო“.

„რესპუბლიკური“ პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი იყო ერთადერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც გვიცავდა და იცავდა თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანს, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში და ამ არჩევანის წინააღმდეგ წასულ ნებისმიერ ხელისუფლებას დაუპირისპირდება ჩვენი საზოგადოება“.

„პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების პათოსს, მგონი, ოპოზიციაში თითქმის ყველა ეთანხმება… პრეზიდენტის ძირითადი შეშფოთება იმაზე, რომ  ჩვენ დასავლურ კურსს ვუხვევთ და ზოგადად ქართველი ხალხის არჩევანს ასევე გვერდს ვუვლით სწორია და, ზოგადად, ეს კრიტიკა სწორია“, – განაცხადა „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ და პრეზიდენტისგან „ქმედებებიც“ მოითხოვა. ამ კონტექსტში მან შეწყალებაზე პრეზიდენტის დისკრეციული უფლება ახსენა და ხაზი გაუსვა, რომ „ბევრი ადამიანი ქვეყანაში უკანონო პატიმარია“.

„მე არ მინდოდა, თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და მე თქვენ ძალიან მწარედ, ძალიან მძიმედ გაკრიტიკებდით… პიროვნულად არაფერს გერჩოდით… მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას“, – უთხრა საქართველოს პრეზიდენტს „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა და დაამატა, რომ მისი სიტყვები უკან მიაქვს. „ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ მოვისმინე და რასაც ვისმენ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში თქვენგან, საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს“, – ხაზი გაუსვა მანვე.

ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯიაა, რომელიც „უცხოეთის აგენტებზე“ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული რუსული ტიპის კანონპროექტის მხარდამჭერთა რიგებშიც იყო.

„ბოლო პერიოდის თქვენი განცხადებები მიმართულია დეპოლარიზაციის (სავარაუდოდ, გულისხმობდა პოლარიზაციას) გაღრმავებისკენ  და განსაკუთრებით დღევანდელი გამოსვლა… თქვენ გაქვთ კიდევ ერთი წელი, რომ იყოთ საქართველოს პრეზიდენტი  და გთხოვთ გააკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელიც იქნება წინ გადადგმული  ნაბიჯი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ამას გააკეთებ, ამით თქვენ ერთ პატარა ბრტყელ აგურს მაინც დადებთ ქვეყნის მშენებლობისთვის და კეთილდღეობისთვის“, – უთხრა მან სალომე ზურაბიშვილს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button