პრეზიდენტმა ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენებისას ხელისუფლება გააკრიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, რომელსაც ქვეყნის ცენტრალური მთავრობის, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, მართლმადიდებელი ეკლესიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა დაახლოებით 40-წუთიანი მოხსენება უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო და ბუჩაში მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას წუთიერთი დუმილით პატივი მიაგო. ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 1991 წლის 31 მარტს, დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის თარიღის „ისტორიულ მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ქართველმა ერმა ამ რეფერენდუმით „საკუთრი მომავალი გადაწყვიტა“. შესავალი ნაწილის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. მანვე ქვეყნის ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსზეც გაამახვილა ყურადღება.
„დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება“
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს შეახსენა, თუ სად იდგნენ გუშინ, როდესაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდგნენ და თუ სად დგანან ახლა, ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს ჩამოშორდნენ. გაიხსენა რა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის პირველ ეტაპზე გადადგმული მთელი რიგი დადებითი ნაბიჯები, სალომე ზურაბიშვილმა მმართველ უმრავლესობას უთხრა – „დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება“.
„სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას“, – განაცხადა მან.
ამ კონტექსტში, სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ იმის გამოც უსაყვედურა, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც „ჩიხშია შესული“, „არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას“. ამავე კონტექსტში, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა. „თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს“, – უთხრა მან „ქართული ოცნების“ წევრებს.
მანვე მთავრობასა და პარლამენტზე მმართველი პარტიის გავლენის გაძლიერების ნიშნებსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ“. „პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე“.
„თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს“, – მიმართა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს და ამ კონტექსტში, 2019 წელს, საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა გაიხსენა, რასაც თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მისივე შეფასებით, საქართველოს მიმართ პირველი კითხვის ნიშნები და ეჭვებიც სწორედ მაშინ გაჩნდა.
„თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე“. ამის „თვალსაჩინო მაგალითად“ სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივად ანულირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის „შეურაცხყოფა“ დაასახელა.
„იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ“, – დასძინა მან.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მმართველი გუნდი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოიჩინეს, „ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა“. მისივე განცხადებით, მართალია, უკრაინის მხარდამჭერ სხვადასხვა რეზოლუციას შევუერთდით, მაგრამ „თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით“.
„25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთშორისოს – მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა – „ჩვენ გავუფრთხილდით მათ [რუსეთს] და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს“.
სალომე ზურაბიშვილმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ „ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ“.
„ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9-წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
კანდიდატის სტატუსი – „რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა?“
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სწორედ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებისა და რიტორიკის შედეგია, რომ „2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი“. ხაზი გაუსვა რა, ქართველმა ხალხმა „არაერთხელ გამოხატა საკუთრი ნება და არჩევანი და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა“, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს ჰკითხა – „რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა?“.
„ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა – არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის“, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა და ამის საილუსტრაციოდ 2020 წლის ივნისის ანტისაოკუპაციო, 2022 წლის მარტის პროევროპული და 2023 წლის 7-9 მარტის „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაასახელა.
„ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია – ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ხელისფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ქართველმა ხალხმა მისი ნების აღსრულება“, – უთხრა მმართველ გუნდს სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, რაც უნდა სიმართლე იყოს ბრალდებები, რომ ოპოზიცია „გაუთავებელი ბოიკოტებით“, ბრიუსელსა და აშშ-ში „ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით“, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში თავის წილ უარყოფით როლს ასრულებს, „პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის“. „ამიტომ, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდით – მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.
ამავე კონტექსტში, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ რაც უნდა ეცადოს, ხელისუფლება ვერ შეძლებს ხალხის იმაში დარწმუნებას, რომ „ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას“, რადგან „ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან“.
კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 პრიორიტეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „აქ ჩვენთვის არაფერია უცხო, არ არის გაუცხოების საფრთხე, პირიქით, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია“. რამ გაყო დეპოლარიზაცია და ჩვენი საუკუნოვანი ტოლერანტობა, შემწყნარებლობა? რამ გაყო ევროპული მოთხოვნა სასამართლო რეფორმისა და ჩვენი ტრადიცია ქართული სამართლის ძეგლებზე დაყრდნობილი და ჩვენში გამჯდარი სამართლიანობის მოთხოვნა? რამ გაყო გენედრული თანასწორობა და ჩვენი ისტორიულად დაცული ქალის სამართლებრივი უფლებები (ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე) და ქალთა მიმართ პატივისცემა?“.
„მეორე ფრონტი“
„რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის წამომადგენლების ევროპელი პარტნიორებისადმი ბრალდებებს, თითქოს ისინი საქართველოსგან „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვენ.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ „ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას და დასძინა – „ამდენად, რაც არ უდნა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომელებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ „მეორე ფრონტის“ თემაზე ერთ ენაზე საუბრობს“.
„რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე“.
„რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის?“
მოხსენების დასასრულს, სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს იმაზე უპასუხა, თუ „რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და ხალხის ნების აღსასრულებლად“. ამ კონტექსტში, პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისა და მიღწევების გასამყარებლად მისი პირადი კონტაქტების, კავშირების, ოფიციალური ვიზიტების, საერთაშორისო ტრიბუნებისა და საერთაშორისო მედიის გამოყენება დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ მისი მიზანი ყოველთვის იყო „საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხებელი იქნება“. „მე არ შევცვლილვარ და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც არ შეცვლილხართ!“, – მიმართა მან მმართველი გუნდის წევრებს და დასძინა – „ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის ნება უცვლელია!“.
„და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით“, – განაცხადა პრეზიდენტა და სიტყვის დასასრულს კვლავაც კანდიდატის სტატუსის მიღების შანზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით, „არ უნდა გავუშვათ“.
„…ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შეძლებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა – „გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას და ვუსურვებ სხვა მრავალ გამარჯვებას!“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)