პარლამენტი იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემას უკრძალავს
პარლამენტმა 15 დეკემბერს დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა ეკრძალებათ. ამავე ცვლილებებით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვა ევროკომისიის ცხრიდან ერთი რეკომენდაცია იყო. ცვლილებები ასევე განაპირობა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ რეკომენდაციამ, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა შემდგომი ზომები დეოლიგარქიზაციისთვის, კერძოდ, მსხვილი კერძო ინტერესებისა და პოლიტიკურ, სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებზე მათი გავლენის გამოწვევასთან გამკლავება.
ვენეციის კომისიის ანგარიშში დეოლიგარქიზაციის კანონის შემუშავებაზე „ქართული ოცნების“ პირველი მცდელობის შესახებ ნათლად იყო ხაზგასმული, რომ მმართველმა პარტიამ, სხვა ცვლილებებთან ერთად, უნდა შეიმუშაოს მაკორექტირებელი კანონმდებლობა და ზომები, მათ შორის ეფექტური კონკურენციის პოლიტიკა, ანტიკორუფციული ზომები, გამჭვირვალობის გაზრდა სახელმწიფო შესყიდვებსა და მედიის მფლობელობის კუთხით, ასევე განამტკიცოს პოლიტიკური დაფინანსების წესები. დეოლიგარქიზაციის ახალ სამოქმედო გეგმაში ალბათ ნაბიჯების ყველაზე მცირე რაოდენობა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის კუთხითაა დაგეგმილი. სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებდა პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წლიური დანახარჯების ზედა ზღვარის დაბლა დაწევას და პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნებას.
ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მიღებული ცვლილებები ევროკომისიის მიერ დადგენილ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მოსალოდნელი დევნის გამო, იურიდიული პირები ისედაც ერიდებოდნენ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ მაინც მოახერხებს შემოწირულობების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კანონი პირდაპირ ოპოზიციის წინააღმდეგაა მიღებული.
კერძოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ 2011 წელს, 2012 წლის არჩევნების წინ, იურიდიული პირების შემოწირულობები აკრძალა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ პროცედურის „ლიბერალიზაცია“ განხორციელდა და ხელისუფლებამ უფლება მისცა იურიდიულ პირების, მათ შორის კომპანიებს პოლიტიკური პარტიებისთვის ყოველწლიურად მაქსიმუმ 120 000 ლარის შემოწირულობა განეხორციელებინათ.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშების მიხედვით, პარტიების დაფინანსების პრობლემა არა იურიდიული პირების შემოწირულობები, არამედ პარტიებისა და კამპანიის დაფინანსების სუსტი ზედამხედველობა იყო. ეუთო/ოდირის ანგარიშში, რომელიც 2020 წლის არჩევნებს აფასებს, ნათქვამია: „სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს პარტიებისა და კამპანიის ფინანსების ზედამხედველობას და პოტენციურ დარღვევებს ავლენს. საერთო ჯამში, ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამოსაუბრეთა უმეტესობამ გამოხატა დაბალი ნდობა კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის მიმართ“.
2023 წლის სექტემბერში საზედამხედველო ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მანდატის თვალსაზრისით ჰქონდა, იყო ის, რომ ამ უწყებას სისხლის სამართლებრივი გამოძიების უფლებამოსილებები არ გააჩნდა, რის გამოც, პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების შესწავლის კუთხით უკიდურესად არაეფექტიანი იყო. ვინაიდან არც ანტიკორუფციულ ბიუროს გააჩნია ეს ფუნქცია, ISFED ამ უწყებასაც იმავე პრობლემას უწინასწარმეტყველებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/11/2023 – TI საქართველომ წიაღის მომპოვებელი კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულობა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა მიმოიხილა
- 15/05/2023 – „TI საქართველო“: პოლიტიკური შემოწირულებების უმეტესობა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)