ვენეციის კომისია საქართველოს მოუწოდებს, არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი
12 ივნისს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პოტენციური საფრთხე დაასახელა.
კომისიამ დასკვნა შესწორებული კანონპროექტის შესწავლისა და თბილისში ხელისუფლებასთან, ოპოზიციასა და სამოაქალაქო საზოგადოებასთან გამართული შეხვედრების შემდეგ გამოაქვეყნა.
კომისიამ განაცხადა, რომ კანონი იყენებს „პერსონალურ“ და არა „სისტემურ“ მიდგომას კონკრეტული პირების „ოლიგარქებად“ გამოცხადებისთვის. დასკვნაში ნათქვამია, რომ პერსონალური ზომები უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება და უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.
კომისია მიიჩნევს, რომ არსებული სახით კანონპროექტი არ არის არც დემოკრატიული და არც ეფექტური პასუხი ოლიგარქიული გავლენების შესამცირებლად.
ოლიგარქიულ გავლენებთან საბრძოლველად ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს:
- ჩატარდეს არსებული სისტემური ხარვეზების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი.
- შემუშავდეს მაკორექტირებელი კანონმდებლობა და ზომები, მათ შორის ეფექტური კონკურენციის პოლიტიკა, ანტიკორუფციული ზომები, გამჭვირვალობის გაზრდა სახელმწიფო შესყიდვებსა და მედიის მფლობელობის კუთხით, გაუმჯობესდეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა, განმტკიცდეს პოლიტიკური დაფინანსების წესები და ცვლილებები იქნას შეტანილი საგადასახადო კანონმდებლობაში.
- გაძლიერდეს ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.
- შეფასდეს თუ როგორ შეუძლიათ სხვადასხვა ინსტიტუტებს, გამონახონ ერთობლივი მუშაობის გზები ოლიგარქიული გავლენის აღსაკვეთად და აღმოსაფხვრელად.
- ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, დაინერგოს ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც ფოკუსირებული სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის მეშვეობით გაუმკლავდება ოლიგარქიზაციის პრობლემას და ხელს შეუწყობს სამართლის სხვადასხვა სფეროსა და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას.
- ყოველივე ზემოთთქმული განხორციელდეს დაუყოვნებლივ, გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)