TI საქართველომ წიაღის მომპოვებელი კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულობა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა მიმოიხილა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმოიხილა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021 წლებში მიიღეს.
ორგანიზაციამ დაადგინა, რომ იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან 56 პოლიტიკური შემწირველია ან/და სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული. 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2,485,931 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღო, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმღები მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოა”. წიაღის ლიცენზიის მოპოვების მქონე 26 კომპანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არის ჩართული და მათ ჯამში 757,566,585 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ მიღებული.
კომპანია “B.P.TRANS”-მა 2019-2021 წლებში 26,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ვანის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან” და რომელსაც ახლო კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან, კერძოდ ეს უკანასკნელი პაიკიძის შვილის ნათლიაა. 2016 წელს პაიკიძემ „ქართულ ოცნებას“ 12,000 ლარი შესწირა.
2014-2023 წლებში 31,562,630 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები აქვს მიღებული კიდევ ერთ ლიცენზიანტ კომპანიას – შპს „ჯორჯიან ენერჯის”, რომლის 100%-იან წილს ზვიად ჩხობაძე ფლობს. ზვიად ჩხობაძემ 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 60,000 ლარი შესწირა. ანალოგიურად, ა(ა)იპ “ასოციაცია ატუს” 2013-2021 წლებში მიღებული აქვს 3,613,464 ლარის სახელმწიფო შესყიდვები. კომპანიის ხელმძღვანელობამ ჯამურად 168,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას. ასოციაცია „ატუ” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა.
შპს „კავკასენერგოს” 100%-იანი წილის მფლობელმა, გიორგი მოლაშხიამ ჯამში 100,000 ლარი შესწირა „ნაციონალური მოძრაობას“ (2012 წელს) და „ქართულ ოცნებას“ (2014 წელს) და სანაცვლოდ, 28,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან. შპს “როუდ ქონსტრაქშენს“ 2017-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვების სახით მიღებული აქვს 38,586,588 ლარი. კომპანიის სამი მფლობელისგან, მხოლოდ ერთი – 34% წილის მფლობელი გიორგი გოგიბერიძეა პოლიტიკური პარტიის შემწირველი. მან 2012 წელს 60,000 ლარი შეწირა მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
შპს „ჯეო სენდ“-მა 595,000 ლარი შესწინა „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას. იმავე პარტიას და კამპანიას კომპანია „ჯეო კვარცმა“ 375,000 ლარი შესწირა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას „შეისწავლოს იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის, ასევე კომპანიებთან დაკავშირებული პირების მიერ გაღებული პოლიტიკური შეწირულობების საკითხი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/08/2023 – „TI საქართველო“: პოლიტიკური შემოწირულებების უმეტესობა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)