ახალი ამბები

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი „პარიზის მშვიდობის ფორუმს“ დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმს 2023“ დაესწრნენ. მათ საპანელო დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა

საპანელო დისკუსიაზე ,,,მულტიკრიზისიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე“, საქართველოს პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას გაუსვა ხაზი. ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას მან აღნიშნა: „მომდევნო დღეს ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა არა ევროკავშირის მომხრეთა ჩვეული 80%, არამედ, 85%. არ ვიცი, უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა თუ შეგვიძლია, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ 75% ევროკავშირის მომხრეა უსაფრთხოების გამო“.  

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით არსებულ მუდმივ გამოწვევას და ყურადღება გაამახვილა ბოლო ინციდენტზე, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს და კიდევ ერთი მძევლად აიყვანეს. გამოხატა რა შეშფოთება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის მის სამხედრო ბაზად გარდაქმნის გადაწყვეტილება გაიხსენა.

„ასე რომ, ეს არის რუსეთი. იმედი კი ევროკავშირშია. უსაფრთხოება სრულად გარანტირებული არ არის, ამას დრო სჭირდება. სავარაუდოდ, იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდება საქართველოს სრულფასოვან წევრობას, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ევროკავშირი დანახულია ადგილად, სადაც შენ ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოდ იქნები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროკავშირში რამდენიმე წლის წინ გაწევრიანდნენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

უკრაინასა და რუსეთს შოროს საბოლოო სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარ მიზანზე საუბრისას, პრეზიდენტია ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს სად გადის მისი საზღვრები“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა

საპანელო დისკუსიაზე „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში – მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე”, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე, ასევე საქართველოში „გაყინულ კონფლიქტზე“ ისაუბრა და განაცხადა: „ყველა ამ კრიზისისა თუ კონფლიქტის პასუხი და გამოსავალი უნდა იყოს მშვიდობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთავრობებმა მშვიდობის მისაღწევად“. მისი თქმით, „რა თქმა უნდა, ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევა კვლავ არსებობს. არ გამქრალა, მაგრამ სტრატეგიული თმენის პოლიტიკა ავირჩიეთ“.

მან გრძლად ისაუბრა „საქართველოს წარმატების ისტორიაზე“. „ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ნებისმიერი წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა. ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც არცერთი ომი არ უწარმოებია საქართველოს. არც ტერიტორიები დაგვიკარგავს. პირიქით, ვიზრდებით, ვმდიდრდებით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ისეთი რამ არის, რასაც კეთილდღეობა მოაქვს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა გადამწყვეტია და რომ მსოფლიოს ნაკლები ომი და მეტი მშვიდობისმყოფელი სჭირდება. მისი თქმით, ამ პრობლემების გადაჭრა დიდ ქვეყნებს, დიდ ზესახელმწიფოებს შეუძლიათ.

„აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილი, მაგრამ გონივრული პოლიტიკით მოვახერხებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას. ეს ერთადერთი არჩევანია, რაც საქართველოს გააჩნია ამჟამად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, მან განაცხადა: „საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს ჩვენს მოძმე ერთან – სომხეთთან. ამდენად, საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული ამ სიტუაციაში. საქართველო ნეიტრალურია 100 პროცენტით. ვერცერთის მხარეს დავიჭერთ ამ სიტუაციაში“. პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიხსენა, რომ ორი წლის წინ საქართველომ ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლი შეასრულა: „2 წლის წინ წარმატებით ჩავატარეთ რიგით პირველი მედიაცია და ამის პრეცედენტი შევქმენით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან ერთად, როდესაც აზერბაიჯანმა 15 დაკავებული პირი გაათავისუფლა საქართველოს მედიაციის გზით, ხოლო სომხეთმა მას გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები“. „ნეიტრალური და მიუკერძოებელი პოზიციის დაცვა მსურს ჩვენს რეგიონში. მე მგონი, ეს სამივე ჩვენგანის ინტერესებშია“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

გამოსვლის დასასრულს, ღარიბაშვილმა შეშფოთება ჰამოხატა ისრაელში არსებული სიტუაციის გამო და დაგმო ტერორიზმი და ტერორისტული თავდასხმები სამოქალაქო პირებზე.

მე-6 ყოველწლიური „პარიზის მშვიდობის ფორუმი“ 10-11 ნოემბერს იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიების, ბანკების, ფონდებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button