ქართველი პოლიტიკოსები საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლას ეხმიანებიან
6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ კირბალის მიდამოებში საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კიდევ ერთი მოქალაქე გატაცებულია.
მაშინ როცა პოლიტიკოსებმა ყველა მხრიდან დაგმეს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა, „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ ოკუპაცია წინა ხელისუფლების დანატოვარია, რომელიც ასევე დამნაშავეა რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმთან ერთად. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, ქართული ოცნების წევრები ყურადღების გადატანისა და ტრაგედიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გამო გააკრიტიკეს.
„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ პოლიტიკოსების შეფასებებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით.
მმართველი გუნდი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად“.
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ოკუპაციამ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს“.
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას. ზუსტადაც ეს ფაქტი არის დასტური, რომ გვაქვს გამოწვევები ოკუპაციის სახით არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი მშვიდობისთვის და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სწორედაც გონივრული პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს პირიქით, ადასტურებს იმას, თუ რამდენად მყიფე არის მდგომარეობა უსაფრთხოების მხრივ საქართველოში და რამდენად 100-ჯერ დაფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ სხვადასხვა დროს…ზოგადად რთულია ხოლმე განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად. ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც დატოვა წინა ხელისუფლებამ ოკუპაციის სახით. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, რომ გამოწვევები, რაც არსებობს უსაფრთხოების მხრივ… არ მოხდეს ამის რეალიზება. მთავარი პოლიტიკა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება, არის ის, რომ ხდება გააზრება საფრთხეები არის სერიოზული… ყველა მოქალაქემ თვალი უნდა გაუსწოროს იმ უსაფრთხოების რისკებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და მეორე – ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს“.
მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: „ფაქტი, რომელსაც ვერასდროს ვერცერთი ქართველი ვერ შეეგუება, ეს არის სრული ანომალია, არანორმალური რამ, როდესაც ოკუპაციას ეწირება საქართველოს მოქალაქე. აბსოლუტურად არალეგიტიმური, მხეცური ფაქტი… ყველაფერი გაკეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ეს შემთხვევა, ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი“.
კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი: „უმძიმესია ის დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან, რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლა ბოროტებამ, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია. ვუსამძიმრებ ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს… საქართველოს ეს ორი ისტორიული რეგიონი… არის ოკუპირებული და ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა ეს არის, ის რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან და მომავალში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დეოკუპაციისთვის“.
ოპოზიცია
პარტიების „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ერთობლივი განცხადება: „’დროა’ და ‘გირჩი-მეტი თავისუფლება’ სამძიმარს ვუცხადებთ მოკლულის ოჯახს და მთელს საქართველოს. ქართულ სახელმწიფოს ჰყავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია – ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე გვიკლავს მოქალაქეებს და ამისთვის პასუხს არ აგებს. საქართველოს მოღალატე ხელისუფლება კი გვარწმუნებს, რომ რუსეთი პრობლემას არ წარმოადგენს და მათთან ურთიერთობების დათბობითა და გაღრმავებით არის დაკავებული მაშინ, როცა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წლებია ყოველგვარი მხარდაჭერისა და თვალყურის გარეშე არიან მიტოვებული. როცა, საოკუპაციო ხაზთან არ არსებობს სათვალთვალო-საკონტროლო საშუალებები და საპოლიციო პატრულირების ჯგუფები, რათა მოხდეს ამგვარი ფაქტები პრევენცია და აღკვეთა. რუსების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა საპოლიციო დანაყოფები და საკონტროლო პუნქტები, რაც საშუალებას აძლევს ოკუპანტებს, დაუბრკოლებლად იძალადონ საქართველოს მოქალაქეებზე. როცა, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ გაზრდილიყო საერთაშორისო წნეხი და რუსეთს ამ სასტიკი მკვლელობებისთვის პასუხი ეგო. როცა, სულ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად კირბალში ქართული დროშის აღმართვის შემდეგ, ოკუპანტებმა ეკლესიის კარი აჭედეს. ამაზე პასუხად კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პრობლემა ქართული დროშის აღმართვა და არა რუსულ ოკუპაციაა. სწორედ, სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები. ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას და ყველა ოკუპანტი, რომელიც იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს უმკაცრესად აგებს პასუხს“.
თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ თავიდან ბოლომდე სრულიად ყალბია რუსული ოცნების ნარატივი, მათ შორის, როცა ის გვესაუბრება მშვიდობაზე. განა ეს არის მშვიდობა?!… ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევის და ის, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე ყველგან იყვნენ დაცული, არის საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ… სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მათ აქვთ არჩეული კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან და ეს რასაც იძლევა გვაჩვენებს ისეთი უმძიმესი ფაქტები, როგორიც გუშინ ვიხილეთ“.
დავით უსუფაშვილი, „ლელო საქართველოსთვის“, დეპუტატი: „გუშინდელი ტრაგედია იყო კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, ვისაც სხვა აზრები აწუხებს, რომ საქართველოს მტერია რუსეთი, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსებს, რუსებს აქვთ საქართველოში დაუსრულებელი ომი გაჩაღებული და ეს ომი იწირავს… უდანაშაულო მოქალაქეებს. ზუსტად ამის გამო უნდა დავიცვათ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა რუსული ოკუპაციისგან, რუსეთის განგრძობადი ომის საფრთხეებისგან. ამიტომ გვჭირდება ევროინტეგრაცია და ნატო, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან უახლოესი… კონტაქტი. ოცნება იქნებ ასეთმა საზარელმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის“.
თეონა აქუბარდია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“, დეპუტატი: „ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ საფრთხეს რასაც ჰქვია რუსული ოკუპაცია, რომელიც არ არის დასრულებული. ის, რომ რუსეთი კლავს, ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნანახი… ახალ მოცემულობაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა დასავლეთისკენ იზოლაციას შევუწყოთ ხელი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არამედ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და საბოლოო ჯამში მოვახერხოთ დეოკუპაცია“.
ბექა ლილუაშვილი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“, დეპუტატი: „ცრუ ალტერნატივები, მტრისაგან მეგობრის გამოძერწვის მცდელობები, რასაც ჩვენ ვაკვირდებით სამწუხაროდ, ასე [მთავრდება], მათ შორის ნულოვანი რეაგირების პოლიტიკის გამოვლინებები, რაც ოჩამჩირის საკითხს მოჰყვა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა არანაირი რისკის შემცველად წარმოაჩინეს… როდესაც ხელისუფლება, ფრენები იქნება თუ რუსი ტურისტების უკონტროლო შემოსვლა… ენის მოჩლექის, ნულოვანი რეაგირების რეჟიმშია, ეს დაუსჯელობის სინდრომს იწვევს და შემდგომ კი სამწუხაროდ, იმ ტრაგიკულ მოვლენებს, როცა კიდევ ერთი მოკლული ადამიანებით გაიზარდა იმ ბოროტების შედეგები, რასაც რუსეთის ოკუპაცია ჰქვია“.
გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დეპუტატი: „უმძიმესი ტრაგედია მოხდა გუშინ სოფელ კირბალში, უდიდესი უსამართლობა… ეს არის ენით აღუწერელი კატასტროფა და მეორე ის, რომ ეს ყოველივე მოხდა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ანუ სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე არ არიან დაცულები, ეს არის კონკრეტული დანაშაულის შემცველი გარემოება. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს. ვუსამძიმრებ მთლიანად საქართველოს და ყველაფერი ამის მერე, ამ ტრაგედიის შემდეგ რას ვხედავთ?! დიდ დანაშაულსა და უსამართლობას „ქართული ოცნების“ მხრიდან, ანუ ოკუპაციაში თურმე რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ წინა ხელისუფლება. ეს ხომ ზუსტად ის რუსული ნარატივია, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა 2008 წლის ომის დაწყებაში? ეს არის ზუსტად ის რუსული ნარატივი, რომელიც არის რუსული პროპაგანდის გაგრძელება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/11/2023 – საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმიანება
- 06/11/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლის შემდეგ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)