ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლის შემდეგ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლის შემდეგ 6 ნოემბერს, ღამით, სოფელ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავრობის, რუსული საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ორი მთავარი მოთხოვნა წამოაყენა: საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაში ბრალდებულთა დასჯა და დაკავებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლება. მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ინციდენტს გამოიძიებენ. ანთაძემ ასევე განაცხადა, რომ როგორც საოკუპაციო ძალებმა ქართულ მხარეს აცნობეს, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაშავებული არ არის.   

კითვაზე მოელის თუ არა ის, რომ დამნაშავეებს ქართულ მხარეს გადმოსცემენ, ანთაძემ უპასუხა: „ყველას კარგად მოეხსენება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების პასუხი ამაზე ნათელია“ და დასძინა: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა ეს პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს“.

მან დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კირბალის ეკლესიის მახლობლად მოკლეს, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა ვერ დაასახელა. ანთაძის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესიაში მისვლის საშუალებას არ აძლევენ. მისი თქმით, სწორედ საოკუპაციო ძალები დაუკავშირდნენ საქართველოს ხელისუფლებას და აცნობეს ინციდენტის თაობაზე, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა გაიგზავნა.  

მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლის პირველი შემთხვევა. „ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი. რაც მოხდა, ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახში“, – განაცხადა ანთაძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button