საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმიანება
საერთაშორისო საზოგადოება გორის რაიონის სოფელ კირბალის მახლობლად რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების მცდელობისას მის მკვლელობას ეხმიანება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ინციდენტი მოხდა, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილი. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ“, – განაცხადა მისიამ და დასძინა, რომ „უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო“.
„რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვისათვის, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიურად გამოყენების გზით“, – ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
ჟოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში: „ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთის დაკავებას. ჩვენ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვოწუდებთ. რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოა“.
მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: „აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოვთქვამს. ეს სიკვდილი იმ განადგურების მაგალითია, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და სხვა ტერიტორიების ოკუპაცია იწვევს“.
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: „დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან, რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას. ასევე, მოვუწოდებთ მეორე გატაცებულის გათავისუფლებისკენ“.
მირიამ ლექსმანი, ევროპარლამენტარი: „ტრაგიკული ამბავი კირბალიდან. ამ საზარელ ქმედებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას. მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრული დასრულება უზრუნველყოფს, რომ ასეთი საზიზღარი ინციდენტი აღარ განმეორდება“.
ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი: „რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს აქვს რუსული ოკუპაციის 200 წლიანი გამოცდილება იმისათვის, რომ იცოდეს, რომ თავდამსხმელის დაშოშმინება არასდროს მუშაობს. მხოლოდ ბოროტების წინააღმდეგ ერთად დგომით შეგვიძლია მისი დამარცხება. ვუსამძიმრებ რუსეთის კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს“.
მარკ კლეიტონი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში: „შოკირებული ვარ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“.
შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში: „ვგმობ რუსეთის უშიშროების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას. მოვუწოდებ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო ყოფნის დასრულებისკენ“.
პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში: „გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, რომლებიც განაგრძობენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო ხელყოფას. საქართველოს შეუძლია საერთაშორისო პარტნიორების იმედი ჰქონდეს რუსეთის მზაკვრული ქმედებების დასასრულებლად“.
ხავიერ კოლომინა, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში: „ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ კირბალის მახლობლად საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ნატო მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან“.
ვედანტ პატელი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე: „ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას და ეს არის მიმდინარე განადგურების მორიგი მაგალითი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის შედეგია. ეს არის ის, რის მონიტორინგსაც გავაგრძელებთ“.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 06/11/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლის შემდეგ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)