ახალი ამბები

გლდანის ინციდენტის საქმეზე ნაციონალური მოძრაობის წევრები 2 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე, თითოეული, 2 000 ლარით დააჯარიმა იმ ინციდენტის საქმეზე, რომელსაც 22 სექტემბერს გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ წევრზე თავდასხმა უძღოდა წინ.

მოსამართლემ  სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა „მოლოდინი იმისა, რომ რაიმე ცვლილება იქნება აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, რა თქმა უნდა, არ გვაქვს“.  

22 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს და მის თანხმლებ პირებს თავს დაესხნენ. ეძგვერაძე გლდანში საკუთარი სახლის მახლობლად სცემეს, როდესაც ის საკრებულოს სხდომიდან შინ ბრუნდებოდა. ეძგვერაძემ თავდასხმა საკრებულოს სხდომის დროს „ქართული ოცნების“ წევრთან, კოტე ზარნაძესთან შეკამათებას დაუკავშირა. მისი თქმით, მის ცემაში ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ.

ინციდენტის შემდეგ გლდანში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრები და პოლიცია დაუპირისპირდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button