ნაციონალური მოძრაობის დაკავებული წევრები გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო
გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრების, ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას პროცესი 23 ოქტომბრამდე გადაიდო, ხოლო სამივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს 22 სექტემბერს საღამოს, გლდანში საკუთარი სახლის მახლობლად თავს დაესხნენ და სცემეს. ეძგვერაძის თქმით, მას 30-ზე მეტი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.
ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, სიტუაცია ადგილზე დაიძაბა. ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრები და პოლიცია დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულებმა და პოლიციასთან დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირებმა სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. შსს-ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ასევე წაიკითხეთ:
24/09/2023 – თბილისის საკრებულოს წევრის წინააღმდეგ ძალადობის საქმეზე 6 პირს ბრალი წარედგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)