ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ცენტრი აქციებზე პოლიციელების არაპროპორციულ გამოყენებაზე საუბრობს

27 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა აქციებზე მობილიზებული პოლიციელების რაოდენობისა და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების შესახებ მონიტორინგის მოკლე ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, ორგანიზაცია 10 საპროტესტო აქციას დააკვირდა. მონიტორების შეფასებით, „აქციების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია“.

ორგანიზაციის თქმით, არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით – იმდენად ნაკლებია, რომ პოლიცია ვერ ახერხებს საზოგადოებრივი წესრიგის და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას – კერძოდ, მათ დაცვას ძალადობრივი განზრახვის მქონე კონტრდემონსტრანტებისგან. ამასთან, აქციებზე ფორმიან პოლიციელებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ პოლიციელები სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე, მათ შორის დაპატიმრებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ასევე გია გაჩეჩილაძისა (უცნობი) და ზაზა პაპუაშვილის მიერ მოწყობილ აქციაზე სახელწოდებით „მოვდივარ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“. 28 მაისიდან 4 ივნისამდე გამართული აქციების დროს, პოლიციელების რაოდენობა სამჯერ მაინც აღემატებოდა აქციის მონაწილეთა რაოდენობას. ამის საპირისპიროდ, გაჩეჩილაძისა და პაპუაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სადაც 11 000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, დაახლოებით, 100-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების თანახმად, ზემოთ დასახელებულ სამივე აქციაზე იმყოფებოდნენ უფორმო, არაიდენტიფიცირებადი პოლიციელები.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, პოლიციელთა არასათანადო რაოდენობის მობილიზების პრობლემა გამოიკვეთა 2023 წლის 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდინარეობისასაც. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, პრაიდ ფესტივალის მონაწილეები დაეცვა კონტრდემონსტრანტების აგრესიული ქმედებებისგან, რის შედეგადაც მისი გამართვა ვერ მოხერხდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებს დაცვის პირდაპირი ვალდებულება აკისრიათ მაშინ, როდესაც მათ იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ, რომ არსებობდა რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის მიერ ორგანიზებული საჯარო ღონისძიებასთან დაკავშირებული რისკები – განსაკუთრებით, საქართველოში LGBT თემის მიმართ მტრული დამოკიდებულების ფონზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის თქმით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ თავისუფლების ეფექტიანად დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს აკისრია. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების ნაწილში უზრუნველყოფს შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, სახელმწიფომ სიტუაციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და აქციაზე პროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზება მოახდინოს. „პოლიციელთა არაპროპორციულმა და გადაჭარბებულმა ჩარევამ დაძაბულობის შემცირების ნაცვლად, შესაძლოა, პირიქით – შექმნას კონფრონტაციული სიტუაცია“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის პოლიციელები, რომლებიც ჩართულები არიან საპროტესტო აქციების მშვიდობიანად ჩატარების ორგანიზებაში, აქციის მიმდინარეობისას იყვნენ ნათლად და ინდივიდუალურად  იდენტიფიცირებადი. „ეს უკანასკნელი ხელს უწყობს აქციაზე წარმოდგენილი პოლიციელების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რადგანაც ასეთ პოლიციელებს აქვთ განცდა, რომ ისინი არიან დაკვირვების ქვეშ და თუკი დაარღვევენ კანონის მოთხოვნებს, შესაძლებელია დადგეს მათი პასუხისგებაში მიცემის საკითხი“.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად იხელმძღვანელოს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებით;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა;
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება;
  • უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა ძალადობრივი კონტრდემონსტრანტებისგან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button