ახალი ამბები

Tbilisi Open Air/Alter Vision: „სასტიკად ვგმობთ ჩვენი ფესტივალის ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებს“

Tbilisi Open Air/Alter Vision-მა, კავკასიის რეგიონის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მუსიკალურმა ფესტივალმა, განცხადება გაავრცელა 8 ივლისს „თბილისი პრაიდ ფესტზე“ რადიკალური ჯგუფების მიერ თავდასხმის შესახებ, სადაც გმობს ძალადობრივ თავდასხმას და ვანდალიზმს ლისის ტბის ტერიტორიაზე დაქირავებულ ქონებასა და ინვენტარზე.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ფესტივალის ტერიტორიას, Lisi Wonderland-ს Tbilisi Open Air-ი ქირაობს ყოველწლიურად, მასზე განთავსებული ინვენტარი კი თავად ფესტივალის საკუთრებაა. „ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ ჩვენი და ჩვენი ფესტივალის პარტნიორების კუთვნილი ქონება დააზიანეს, გაანადგურეს ან მიითვისეს,“ – წერს ფესტივალი და აცხადებს, რომ ამ ჯგუფებმა გატეხეს მათი საწყობი, მოიპარეს ხელსაწყოები, დააზიანეს და გაანადგურეს ფესტივალის კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები და ამასთანავე, მათი პარტნიორების კუთვნილი სარეკლამო საშუალებები.

Tbilis Open Air ხაზგასმით აღნიშნავს: „ეს არის კერძო ტერიტორიის მიზანმიმართული განადგურება, ინვენტარის დაზიანება და ძარცვა“ და აცხადებს, რომ შეეცადა დახმარება მიეღო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, თუმცა ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა და იძულებულები გახდა გამოეძახა კერძო დაცვა, რათა შეეჩერებინა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მიერ ტერიტორიის დარბევა.

განცხადებაში წერია: „რა კადრებიც დღეს გავრცელდა, ისედაც ცხადია, რომ საქმე გვაქვს დიდ ზარალთან, რომლის ანაზღაურებასაც ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომელმაც წაახალისა ველური ჯგუფები და ხელი შეუწყო როგორც პრაიდ ფესტის ჩაშლას, ასევე ჩვენი ფესტივალის ტერიტორიის მიზანმიმართულ განადგურებას, რაც საათების განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციის თანამშრომლები კი მხოლოდ ბრბოდან ნაცნობების გამორჩევითა და მათი ჩახუტებით შემოიფარგლებოდნენ“.

Tbilisi Open Air მიუღებელს უწოდებს ძალადობრივი ჯგუფების უკანონო ქმედებებს, რომლებიც განხორციელდა 8 ივლისს ლისის ტბის მიმდებარედ, „სადაც ათი ათასობით ადამიანი სწორედ თავისუფლების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების გარშემო იკრიბება“ და დასძენს, რომ ეს ქმედებები შეიძლება იყოს მხოლოდ ქვეყნის მტრების ინტერესებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button