ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალ სოციალურ ინიციატივებზე ისაუბრა
15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ სოციალურ ინიციატივებზე ისაუბრა. კერძოდ, 30 000 სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, დავალიანება გაუნულდებათ; სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება; 20 000 ლარის ოდენობის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ შოვის მეწყრის და გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები. სხდომაზე პრემიერ-მინისტრს არ უსაუბრია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციების შესახებ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი დაავალებს განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოაგვარონ აღნიშნული საკითხი. „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დავალიანების ჩამოწერის შემდეგ კვლავაც შეძლონ მათ, გააგრძელონ სწავლა “, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ საუბარია, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის დავალიანებაზე.
რაც შეეხება შოვის მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თითოეულ გარდაცვლილზე ოჯახი ოცი ათასი ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ამასთან, ახალი საცხოვრებლები გადაეცემათ მათ, ვინც საცხოვრებელი დაკარგა, ან ვისი სახლებიც სტიქიის შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა.
ამასთანავე, 1 ოქტომბრიდან, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ხელფასები 10%-ით გაიზრდება. პრემიერის თქმით, ამ ცვლილებების მიზანია თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და მათთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 4 000 თანამშრომელი მომატებულ ხელფასს აიღებს. დამატებით 10%-იანი ზრდა 2024 წლისთვის იგეგმება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)