განახლება: გურიის მეწყრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ძლიერმა წვიმებმა გურიის რეგიონში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციების შედეგად სოფელ ჯუმათში ორი არასრულწლოვნის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის ზონაში მაშველებმა 80 წლის ქალის ცხედარიც იპოვეს, რომლის სახლიც სოფელ სილაურში მეწყერმა მთლიანად გაანადგურა.
სტიქიამ რეგიონის ინფრასტრუქტურა, მათ შორის სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დააზიანა.
„სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შსს მოუწოდებს რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.
ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, რომ მეწყერი ჩოჩხათის თემის რამდენიმე სოფელში ჩამოწვა. დანგრეულია, სულ მცირე, 10 სახლი.
ოფიციალური ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული გურიისა და აჭარის რეგიონებიდან.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/08/2023 – მეწყერი რაჭაში – სიახლეების ბლოგი
- 05/08/2023 – გარემოს ეროვნული სააგენტო: შოვის ტრაგედია ბევრი ფაქტორის თანხვედრამ გამოიწვია
- 04/08/2023 – ყოველწლიური გეოლოგიური ბიულეტენი შოვში ღვარცოფების „მაღალი რისკის“ შესახებ 2021 წელს აფრთხილებდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)