ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ხელისუფლების ჩარევას მედიის საქმიანობაში  

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გამოაქვეყნა OC Media-ს სტატიის საპასუხოდ, სადაც ეწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის გამო შალვა პაპუაშვილმა მედია საშუალების დონორთან იჩივლა. ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნა და ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის მუშაობასა და უსაფრთხოებას.

ქარტიამ განაცხადა, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ „მედიას სრული უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე“.

პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა OC Media-ს სტატიას გრძელი პასუხი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ეს არის „საჩვენებელი შემთხვევა იმისა, თუ რატომ და როგორ ახდენს საქართველოში თვითმარქვია „კრიტიკული მედია“ საკუთარი თავის დისკრედიტაციას, კარგავს საზოგადოების ნდობას და მისი ბოლოც, ძირითადად, ერთმანეთთან ან საკუთარ დახურულ წრესთან საუბარია“.  

პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც OC Media-მ ზემოაღნიშნული სტატია გამოაქვეყნა, მან რედაქტორს საპასუხო წერილი გაუგზავნა და ისინი შეთანხმდნენ, რომ იგი ცალკე გამოქვეყნდებოდა მათ მედიაპლატფორმაზე, როგორც პასუხი მედია საშუალების სტატიაზე. თუმცა რედაქტორებმა წერილი თავიანთ ახალ სტატიას დაურთეს, რითიც, პაპუაშვილის თქმით,  „OC Media-მ დაარღვია არა მხოლოდ ჟურნალისტური კეთილსინდისიერების მარტივი წესი, უარი თქვა რა საკუთარ მასალაზე პასუხის გამოქვეყნებაზე, არამედ დაარღვია ნდობა, რომელიც უნდა არსებობდეს ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობებში, რაც უპრეცედენტოა თუნდაც პოლარიზებული ქართული მედიისთვის“ [მოგვიანებით, OC-მა ბოდიში მოიხადა გაუგებრობისთვის და შესაბამისად განაახლა სტატია].

პაპუაშვილმა საპასუხო წერილში დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის „უმნიშვნელო შემთხვევა არცთუ მნიშვნელოვან მედია საშუალებასთან“, ის ამ დეტალებს ასაჯაროვებს, რადგან მედიის თავისუფლება „ქართული ოცნების მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

თავის წერილში პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების მნიშვნელობას საქართველოში და გასული ათწლეულის მანძილზე „ქართული ოცნების“ როლს მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია გარემოს ხელშეწყობის საქმეში. მან აღნიშნა, რომ OC Media სარგებელს იღებს „დინამიურად განვითარებადი მედია გარემოდან, რომელიც განსხვავდება წარსულის კონტროლირებადი მედია გარემოსგან“.   

პაპუაშვილის თქმით, „მრავალფეროვნებისა და აზრის თავისუფლებისადმი ერთგულება“ იყო მიზეზი, რამაც მას მოსაზრების დაწერისკენ უბიძგა. მან ასევე აღნიშნა, რომ იგი თავის ნამუშევრებს ბევრ მედია საშუალებას სთავაზობს და მისი „კეთილგანწყობის ჟესტი“, რომ ისინი OC Media-სთვისაც შეეთავაზებინა, რომელსაც ქართულ მედიაში მცირე ადგილი უკავია და საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობია, მათთან თანამშრომლობის განვითარებას ისახავდა მიზნად, მიუხედავად იმისა, რომ, პაპუაშვილის თქმით, მათი კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებასა და პოლიტიკაზე დიდი ხანია ცნობილია.  

პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარი ადასტურებს OC Media-ს „შეუწყნარებლობას ალტერნატიული აზრის მიმართ“. მან უარის მიზეზი ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ რედაქტორმა იმიტომ არ მიიღო მისი მოსაზრება,  რადგან ის „ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებების“ საწინააღმდეგოდ მიიჩნია. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ OC Media-ს არ გააჩნია „განსჯის უზენაესი  უფლებამოსილება, თუ რა წარმოადგენს საბოლოო ჭეშმარიტებასა და ნამდვილ რეალობას“ და რომ მისი გადაწყვეტილება შორსაა პროფესიონალური ჟურნალისტიკისგან, „განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა OC Media ცდილობს საკუთარი თავი კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და ინკლუზიურობის დამცველად წარმოაჩინოს“.

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ OC Media-მ „არასწორად განმარტა“ მისი წინა წერილი დონორისთვის, რომელიც OC Media-ს „საეჭვო ჟურნალისტური მიდგომის“ შესახებ დონორი ორგანიზაციის „ინფორმირებას“ ისახავდა მხოლოდ მიზნად. მისივე თქმით, მედიამ საკუთარი სტატია იმისთვის გამოიყენა, რომ „ძალიან შესაფერისი წერილი“ თავისუფალ მედიაზე აშკარა თავდასხმად წარმოეჩინა. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „სარედაქციო დამოუკიდებლობა ცენზურაში არ უნდა აგვერიოს“ და დასძინა, რომ იმისათვის, რომ მედია საუკეთესოდ მოემსახუროს მკითხველს, მან „ალტერნატიული შეხედულებებიც“ უნდა გააშუქოს.  

„თქვენი სტატიის დანარჩენი ნაწილი არის ხელისუფლების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების ჩვეულებრივი ჩამონათვალი, სადაც კოპირებულია საქართველოს რადიკალური ოპოზიციური პარტიების გზავნილები, რა დროსაც ამაოდ იმედოვნებთ, რომ თავი მიუკერძოებელ მედიასაშუალებად წარმოაჩინოთ. სამწუხაროდ, ამგვარი მანკიერი პრაქტიკა მხოლოდ თქვენს გამოცემას არ ახასიათებს, არამედ უნივერსალური ხასიათისაა და ძალიან სამწუხარო ტენდენციას წარმოადგენს“, – ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში.

განცხადების დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ OC Media-ს „სარედაქციო დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული და დაცული იქნება ქართული სახელმწიფოს მიერ“ და გამოცემას „უკეთესი ჟურნალისტური სტანდარტებისკენ სწრაფვა“ უსურვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button