Placeholder canvas
ახალი ამბები

პლენარულ სხდომაზე „აგენტებზე“ კანონპროექტების განხილვა დაიწყეს

საზოგადოების დიდი ნაწილის წინააღმდეგობისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რომ შეაჩერონ უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტები, საპარლამენტო უმრავლესობამ 7 მარტს მათი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო.

გუშინ, 6 მარტს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონპროექტების განხილვას პარლამენტი, ხუთშაბათს, 9 მარტს დაიწყებდა. თუმცა, უმრავლესობამ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი მოულოდნელად შეცვალა.

ოპოზიციის გამოხმაურება

იმის გამო, რომ საზოგადოება კანონპროექტებზე მსჯელობის დაწყებას ხუთშაბათს ელოდა, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებიც დაიშალნენ. უმრავლესობის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს და მოქალაქეებს პარლამენტთან დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, საქართველოს საზოგადოების ერთობა… ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანად, ერთობლივი ძალებით დავიწყოთ და გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. ჩვენ ვიქნებით აქ და მაქსიმალურად შევუშლით ხელს ამ კანონპროექტის მიღებაში… ძალა ერთობაშია!“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.

„მათ [უმრავლესობას] ელით ისტორიული სასჯელი, [რადგანაც] მონაწილეობას იღებენ ანტიქართულ, მაშასადამე რუსულ საქმეში“, – აღნიშნა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა.

„ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები და უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალი ქვეყნის წინაშე, გავაგრძელოთ ბრძოლა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის პარლამენტის შიგნით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენგან, ქართველი ხალხისგან გაძლიერებული, გამაგრებული ზურგი, ამიტომ ყველა საქართველოს პარლამენტთან!“, – განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

„მათ [უმრავლესობას] ეშინიათ, ისინი აპირებენ ქურდულად, ხალხის ზურგს უკან მიიღონ ეს კანონი, ამიტომ აუცილებელია რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს პარლამენტთან. ძალიან კარგად იციან, რომ სჩადიან ღალატს, ამიტომ უნდათ ხალხის გარეშე, ფარულად, ქურდულად მიიღონ ეს კანონი“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ.

„ყველა იმ ადამიანს ვთხოვ, ვინც იცის, რა ელოდება ქვეყანას ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, მოვიდეს და გაგვაძლიეროს. ჩვენ არ ვართ იმდენი, რომ შევძლოთ ისეთი წინააღმდეგობა, რომელსაც ჩვენგან ელით თუ არ გვექნება თქვენი მხარდაჭერა“, – მიმართა მოქალაქეებს „რესპუბლიკური“ პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ.

„თითოეული მოქალაქის მოსვლა და თქვენი ხმა არის მნიშვნელოვანი, „ქართულმა ოცნებამ“ რომ დაინახოს – ისინი არიან მარტო. თქვენი მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.

„მოგმართავთ თითოეულ ადამიანს ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი… გთხოვთ მოხვიდეთ პარლამენტთან და გააპროტესტოთ რუსული კანონი“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

მოწოდებიდან მალევე, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. ამჟამად კანონპროექტების განხილვა მოქალაქეტა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button