skip to content
ახალი ამბები

მთავრობის წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დიპლომატიურ კორპუსთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 15 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და იმედგაცრუება გამოხატა ადეკვატური საერთაშორისო რეაქციის არარსებობის გამო. მაშინ, 2008 წელს, ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, იმის ნაცვლად, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე. ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდათ მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ზოგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვით იყო დაკავებული, ზოგი სტრატეგიული მილსადენების მშენებლობით, ზოგი კი ომიდან 2 წლის თავზე წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმს მართავდა რუსულ ჯართან ერთად. ალბათ ჩვენ ვიყავით ზედმეტად პატარა და ზედმეტად განაპირა, თუმცა, 2008 წელს ამ აგრესიაზე თვალის დახუჭვამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირიდან ევროპის შუაგულში” განაცხადა მან. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით: 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე – ეს ღალატი არასოდეს არ ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის რეჟიმი”.

ომის დროს დაღუპული გმირების მოგონებისას კობახიძემ აღნიშნა: „თქვენ იცით, რომ წლები გრძელდებოდა სამართლებრივი დავა. ერთი დავა ეხებოდა ადამიანის უფლებების დარღვევას, მეორე დავა ეხებოდა სამხედრო დანაშაულს. მიუხედავად მტკიცებულებების გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა შეიქმნა წინა ხელისუფლების მიერ ჩვენ მოვახერხეთ იმის დამტკიცება, რომ ქართველ სამხედროებს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ და ადამიანის უფლებების დარღვევა ქართველი სამხედროების მხრიდან არ ყოფილა”.

მისი თქმით 2004-2012 წლებში რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი გავლენა საქართველოში, რაც პირველ რიგში გამოიხატა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით და ეს იყო სწორედ იმ ღალატის შედეგი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამ ღალატს ჰქონდა განგრძობითი ხასიათი, მათ შორის, შემიძლია გავიხსენო კანონი, რომელიც მათ მიიღეს ე.წ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე, რითაც აღადგინეს ძველი, კომუნისტების დროინდელი საზღვრები, რომელიც გამსახურდიას დროს გაუქმდა, ჩაატარეს ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები და აღარ მინდა ეს ყველაფერი გავაგრძელო, ეს იყო ღალატი … ეს ღალატი არასოდეს ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის რეჟიმი” განაცხადა მან.

თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა: „15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენს შვილებს ბევრი უნდა ვესაუბროთ ამ გმირების შესახებ. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა რაც გვაქვს, არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, ვალდებულებაც გვაქვს, დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, გავაერთიანოთ ქვეყანა და მჯერა, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებას!”

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სასამართლოებში იცავს საქართველოს სამართლებრივ უსაფრთხოებას და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის. კერძოდ: სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის საქმეზე; რუსეთის ფედერაციას დაკისრებული აქვს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ; მოგებულია ყველა (3.300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. აქტიურ ფაზაშია რუსეთის წინააღმდეგ საქმისწარმოება განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე; ჰააგის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.

„წინა ხელისუფლების დროს, შედეგებიდან რომ დავიწყოთ, საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მოახერხა იმ ბოროტების განხორციელება, რასაც ჰქვია ოკუპაცია, ჩვენი გმირების დახოცვა და შემდეგ წლების განმავლობაში ამით სარგებლობა,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს ყველაფერი ჩვენ დიდი წინააღმდეგობის ფასად გვიჯდება დღემდე. დიდი შრომის ფასად საქართველომ, როგორც მხარემ, სტრასბურგსა და ჰააგაში, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები შეგნებულად იყო გამქრალი, მოიგო ორივე პროცესი. სამართლებრივი დავა მოგებულია. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მაგალითად, ერთ-ერთი მტკიცებულება იყო „ისკანდერის“ ნაწილები და ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ მოვიდა, არ იყო მოძიებული. უფრო სწორად, მანამდე იყო გადამალული და რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ, რომ „ისკანდერის“ ნაწილები, როგორც მთავარი მტკიცებულება, მოგვეპოვებინა და წარგვედგინა სასამართლოში, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველო ამ სამართლებრივ დავაში იყო მართალი “, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა თავი შეიკავონ ყოველწლიურად იმის კითხვისგან, ვინ დაიწყო ომი და დასძინა: „ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი?” მან აღნიშნა, რომ ცივილიზებული სამყარო ამ კითხვას არ სვამს. „ეს სენსიტიური საკითხია და კარგად დაფიქრდით, რა კითხვას სვამთ. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და ომი დაიწყო” დასძინა ბურჭულაძემ. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button