ახალი ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნების თარიღი დაასახელა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2 აგვისტოს განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

„ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა და დასძინა, რომ 29 აპრილს შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დროს ტექნოლოგიების წარმატებით გამოყენებიდან მიღებული გამოცდილება მოახლოებულ არჩევნებზეც იქნება გათვალისწინებული.  

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის  სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება.  ამომრჩეველთა ვერიფიკაციის,  ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის მზადაა ხელი შეუწყოს ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

შუალედური/რიგგარეშე არჩევნების გამართვის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი ხოჯევანიშვილმა და ზურაბ უტიაშვილმა, შესაბამისად, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატისა და გურჯაანის მერის თანამდებობები დროზე ადრე დატოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button