ახალი ამბები

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე რვა პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა 28 ივლისს, რომ სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე რვა პირი დააკავეს, ორის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა.

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ექვს ყოფილ სპეცრაზმელს, საქმის ყოფილ გამომძიებელს, აჭარაში კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს და მის ყოფილ მოადგილეს.

სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს: 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა); 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია); 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლით აღებული ვალდებულებები დაარღვია, რაც სიცოცხლის უფლების დარღვევას გულისხმობს, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტებში. სტრასბურგის სასამართლომ „თავდაპირველი გამოძიების პროცესში დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობაზეც“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომჩივნის მეუღლის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტურია და მომჩივნის სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლით აღებულ პროცედურულ ვალდებულებებს არღვევს“.

როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. იგი ასევე მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში. 2008 წლის 16 აგვისტოს უსაფრთხოების სამსახურმა როინ შავაძე ბათუმში დააკავა, რა დროსაც, ის სასტიკად სცემეს და ხმამაღლა ეძახდნენ სამშობლოს მოღალატეს. შემდეგ ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ექვსი საათის შემდეგ პოლიციამ შავაძის მეუღლეს მისი გარდაცვალების შესახებ აცნობა. ოფიციალური ვერსიით, შავაძე ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით დააკავეს და მან სასიკვდილო დაზიანებები გაქცევის მცდელობის დროს მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button