
სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
გორის რაიონულმა სასამართლომ 24 ივლისს პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობაში ბრალდებული სოსო მაისურაძე პატიმრობიდან 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გორის რაიონულმა სასამართლომ შეუფარდა, რომელსაც შუამდგომლობით გორის რაიონულმა პროკურატურამ 19 ივნისს მიმართა.
საქმის არსებითი განხილვა 4 აგვისტოს დაიწყება.
ინციდენტი 17 ივნისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა, რა დროსაც მაისურაძემ ჯაფარიძეს სახეში ჩაარტყა. ეს უკანასკნელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა.
იმავე დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, 50-60 მოძალადე იმავე ბანაკის მონაწილეებს თავს დაესხა, ქვები და წითელი საღებავი ესროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/06/2023 – „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერზე თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
- 17/06/2023 – მოძალადეთა ჯგუფი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)