ახალი ამბები

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა 3 ივლისს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით 76 ხმით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად,  9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს  სამეურვეო საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 6 წლამდე. პროექტით იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული  ასიგნებების არანაკლებ 10%-ის ოდენობით,  ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით მიმართოს. ასევე, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო უქმდება.

30 ივნისს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები იმავე კანონში, კანონპროექტით ევროპული სტანდარტების შესაბამისად ზუსტდება შემდეგი ლეგალური დეფინიციები „მედიამომსახურება“, „ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება“ და სარედაქციო პასუხისმგებლობა“.ცვლილებები ასევე არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომების დახურვას და უზრუნველყოფს, რომ წლიური ანგარიში ასახავდეს შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს. კანონპროექტით ასევე ზუსტდება მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის საკითხი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ცვლილებებს ეხმაურება

მედიის ადვოკატირების კოალიცია დღევანდელ განცხადებაში ცვლილებებს სწრაფად გამოეხმაურა და დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას.

კოალიციის თქმით კანონი ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს, რომ მას მტკიცედ სჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზაცია და დეზინფორმაცია გამოწვევაა, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლების როლი საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი და მრავალფეროვანი შინაარსის მიწოდებაში გადამწყვეტია. “მმართველი გუნდის არსებული პოლიტიკა და ნაბიჯები კი, პირიქით, მიმართულია კერძო მედიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლისაკენ და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად” ნათქვამია განცხადებაში.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება, დადოს ვეტო ზემოაღნიშნულ კანონზე და ამით მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი და თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრინციპებს.

კოალიცია ასევე მოუწოდებს მმართველ პარტიას, არ დაძლიოს ვეტო და საკუთარი ძალისხმევა და პოლიტიკა მიმართოს თავისუფალი, უსაფრთხო და პლურალისტური მედია გარემოს შესაქმნელად, „რაც ხელისუფლების კონსტიტუციურ და კონვენციურ ვალდებულებას წარმოადგენს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button