ერგნეთში IPRM-ის 110-ე შეხვედრა გაიმართა
ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 17 იანვარს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) 110-ე შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ეუთოსთან ერთად IPRM-ის თანაფასილიტატორია, განაცხადა, რომ თანაფასილიტატორებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან და ეუთოდან – ტიბორ კოზმამ და ელჩმა ვიორელ მოშანუმ IPRM-ის ფორმატის მიმართ მონაწილეთა ერთგულება შეაქეს და მიესალმნენ დეკემბერის ბოლოს „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის“ გასწვრივ მდებარე ორი გამშვები პუნქტის დროებით გახსნას. თუმცა, მათვე ხაზი გაუსვეს, რომ მსგავსი მიდგომა მართლმადიდებლური შობის დღესასწაულის პერიოდში არ ყოფილა. თანაფასილიტატორებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სრულად გახსნისკენ მოწოდებები, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას უსაფრთხოდ ცხოვრებისა და საარსებო წყაროთი უზრუნველყოფის შესაძლებლობას მისცემს.
ტიბორ კოზმამ და ელჩმა მოშანუმ ასევე შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დაკავებულ მოქალაქეთა დიდი რაოდენობის გამო და ცხინვალს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ბოლო დროს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამკურნალოდ გადმოყვანის შემთხვევებიც განიხილეს. მათვე იმ საკითხებზეც იმსჯელეს, რომლებიც გავლენას ახდენენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების მდგომარეობასა და საარსებო წყაროებზე, მათ შორისაა ე.წ. „ბორდერიზაციასთან დაკავშირებული“ ქმედებების გაგრძელება.
- 11/01/2023 – ოკუპირებული ცხინვალიდან სამკურნალოდ 3 პაციენტი გადმოიყვანეს
- 02/01/2023 – გარდაიცვალა მცირეწლოვანი, რომელიც ახალგორიდან სამკურნალოდ თბილისში მოჰყავდათ
- 29/10/2019 – ცხინვალში ახალგორის მუნიციპალიტეტიდან გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყველა ის „მნიშვნელოვანი ინციდენტი“ განიხილეს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წინა შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდა.
სუს-ის ცნობით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ „განსაკუთრებული სიმკაცრით“ კიდევ ერთხელ მოითხოვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის „უპირობო და დაუყოვნებლივი“ გათავისუფლება.
უწყების განმარტებით, შეხვედრაზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო ე.წ. ბორდერაზიის საკითხებზეც იმსჯელეს. „შედგა დისკუსია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, გაკეთდა განცხადება, რომ გადასასვლელები განაგრძობენ ფუნქციონირებას იმ რეჟიმში, რომელიც ამოქმედდა 2022 წლის აგვისტოს თვიდან“.
ცხინვალის განცხადება
სააგენტო რესის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა ჩორჩანა-წნელისის ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღება.
„ვიცით, რომ ამ პოსტზე, როგორც წესი, 12-15 შეიარაღებული პოლიციელი იმყოფება, რომლებიც საფრთხის მატარებელნი არიან“, – თქვა კოჩიევმა და დასძინა, რომ ისინი მოსახლეობას აფრთხობენ.
კოჩიევისვე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის“ უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ „სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევების“ საკითხები.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 2 მარტს ჩატარდება, 3 მარტს კი – მხარეები ირიგაციასთან დაკავშირებულ საკითხზე ტექნიკურ შეხვედრას გამართავენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/11/2022 – ერგნეთში IPRM-ის 109-ე შეხვედრა გაიმართა
- 23/09/2022 – ერგნეთში IPRM-ის 108-ე შეხვედრა გაიმართა
- 08/06/2022 – ერგნეთში IPRM-ის 107-ე შეხვედრა გაიმართა
- 12/04/2022 – ერგნეთში IPRM-ის 106-ე შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)