ახალი ამბები

თსუ-ში ირაკლი კობახიძის ლექციის დროს სტუდენტებს თავს დაესხნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 17 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის დროს ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუდენტებს, რომლებიც აუდიტორიის გარეთ საპროტესტო ბანერების განთავსებას ცდილობდნენ, კობახიძის მიერ ბოლო დროს ახალგაზრდების მისამართით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ.

ერთ-ერთმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელები სტუდენტები არ იყვნენ და რომ ისინი კობახიძემ მოიყვანა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ერთ-ერთი სტუდენტი კიბეზე დააგორეს. დაპირისპირების შედეგად, სტუდენტი ლუკა შველიძე დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

თსუ-ში გასულ კვირას გამართული ლექციის დროს, კობახიძეს პროტესტის ნიშნად კიბეებიდან რუსული რუბლი გადმოაყარეს. საპასუხოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სტუდენტები „ორიენტაცია არეულებად“ მოიხსენია.

მედიის ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში, ნაცემი სტუდენტის ლუკა შველიძის პალატაში სამოქალაქო ფორმაში გადაცმული იარაღიანი პირი შევიდა, რომელიც მას პოლიციელად გაეცნო. სტუდენტის თქმით, პირი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომაროებაში იმყოფებოდა. შველიძის თქმით, როდესაც მან შეიარაღებულს კითხვების დასმა დაუწყო, უცნობი პირი გაღიზიანდა, იარაღი ამოიღო, სცადა მისი დაშინება და ხელები გადაუგრიხა. მოგვიანებით, უცნობი პირი იქ მყოფმა ადამიანებმა გააკავეს და პოლიცია გამოიძახეს.

იმავდროულად, თბილისსა და ბორჯომში ახალგაზრდების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის საპასუხოდ დღეს ორი საპროტესტო აქცია დაანონსდა – 18:00 საათზე თსუ-სთან და 20:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button