skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკოსები და სახალხო დამცველი პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმიანებიან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა 22 ივნისს, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს მოაწერა ხელი.

ქვემოთ მოცემული ქართველი პოლიტიკოსებისა და სახალხო დამცველის გამოხმაურებები ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.  

მმართველი გუნდი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს ჩანდა. პრეზიდენტის მიმართ ეს ზეწოლა იყო ღიაც და არა ღიაც. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და [ნიკა გვარამიას შეწყალების] ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა…რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, ვინაიდან თავად მსჯავრდადებულს შეწყალება არ უთხოვნია და… ვერ იტყოდა , რომ ეს  დეპოლარიზაციის მიზნით იყო განხორციელებული, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი… თავად ის ფაქტი, რომ მოტივი არ დასახელდა ხაზს უსვამს, რომ სხვა მოტივი არის ამის უკან,  რაც სამწუხაროა. მივიღოთ ეს მდგომაროება, როგორიც არის, დრო ყველაფერს განსჯის“.

რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი: „ეს იყო ქალბატონი პრეზიდენტის პრესკონფერენცია, სადაც მას არ დაუსახელებია არგუმენტაცია და მან თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე. შესაბამისად, გამიჭირდება დამატებითი კომენტარის გაკეთება… ამის შესახებ, მე პირადად არაფერი ვიცოდი, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის საშუალებით გავიგე.  [მთავრობაში] რაიმე სახის კონსულტაცია არ გვქონია, როგორც კი მოვიდა დადგენილება, ჩვენ დავიწყეთ მისი აღსრულება და სისრულეში მოყვანა… მე არ მგონია რომ კონკრეტულ შემთხვევას და შეწყალებას საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან  რამე კავშირი ჰქონდეს“.

 გივი მიქანაძე, „ქართული ოცნება“: „ადამიანმა საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გათელა და ამ გადაწყვეტილებით შეურაცხყოფა მიაყენა  და რაც მთავარია ამ ადამიანმა მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ ის არა საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებით მოქმედებს, არამედ დავალებების შესრულებით“.

ეკა სეფაშვილი, „ხალხის ძალა“: „ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ რომ გითხრათ,  მოულოდნელი იქნებოდა – არა, რადგან იყო მინიშნებები პრეზიდენტის მხრიდან, რომ ამას აპირებდა. ეს მისი დისკრეციული უფლებაა და ამაში ვეთანხმები, თუმცა ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თავისი მოტივების შესახებ ელაპარაკა, თუ რამ განაპირობა მისი ეს გადაწყვეტილება“.

ოპოზიცია

ლევან ბეჟაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „პრეზიდენტმა მიიღო პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფოებრივი ინტერესებით, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით და ამიტომ მიიღო ეს პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება…მოვითხოვთ პრეზიდენტისგან, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა არ არის საკმარისი. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“.

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ეს ნამდვილად სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰყავდეს დამარცხებული. ჩემთვის გაუგებარია „ქართული ოცნების“ ლიდერების, მხარდამჭერების პოზიცია, როლებიც პირად მარცხად აღიქვამენ ამას“.

გიგი წერეთელი, „ევროპული საქართველო“: „ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო სწორია… ყველასთვის უნდა იყოს მისაღები და სასიხარულო, იმიტომ რომ ეს ემსახურება უნივერსალურ ღირებულებას – არ შეიძლება ადამიანები, პოლიტიკოსები, ოპონენტები, ჟურნალისტები  განსხვავებული მოსაზრებით ისხდნენ საპატიმროში… უნდა არსებობდეს ქვეყანაში მექანიზმები, რომლებიც ამას ანეიტრალებს“.  

ვახტანგ მეგრელიშვილი, „გირჩი“: „მე არ ვიცი ქალბატონი პრეზიდენტის ლოგიკა. მე რაც გითხარით, სამართლიანობის თვალსაზრისით, ჩვენ თვითონ მოვუწოდებდით რომ ეს ნაბიჯი გადაედგა ამ ლოგიკით და არა სხვა ლოგიკით, ვინაიდან მე არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ან პოლარიზაციას შეამცირებს, ან დაპირისპირებას – ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, მაგრამ ის, რომ ის ადამიანი გამოსაშვები იყო და ეს მოვლენა, ზოგადად, საქართველოს რეპუტაციაზე ცუდად მოქმედებდა, ეს არის ფაქტი და რა მოტივაციაც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების უკან, ეს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი“.

სახალხო დამცველი

ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი: „მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button