ახალი ამბები

ქარტია „მთის ამბების“ რედაქტორის მიმართ მუქარის დროულ გამოძიებას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „დროულად“ და „ეფექტიანად“ გამოიძიოს ინტერნეტგამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მიმართ მუქარის ფაქტი.

ეთიკის ქარტიის განცხადება გელა მთივლიშვილის მიერ Facebook-ზე 24 მაისს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს მოჰყვა, რომელშიც ისმის, რომ მამაკაცი, რომლის ვინაობაც იდენტიფიცირებული არ არის, მისგან „მთის ამბების“ ვებგვერდიდან კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ შესახებ ჟურნალისტური გამოძიების აღებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთივლიშვილს მოკვლით ემუქრება. „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებით არის დაკავებული.

„ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება“, – ნათქვამია ეთიკის ქარტიის მიერ 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

ქარტიის თქმით, „ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია“. ქარტია ასევე ხაზს უსვამს, რომ „ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია“.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მომხდარზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button