ევროპის საბჭოს ანგარიში: 2023 წელს საქართველოში ახალი დარღვევების სიის სათავეში შეკრების თავისუფლების დარღვევებია
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 11 აპრილს გამოქვეყნებული მე-17 წლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს ეხება, საქართველოში 2023 წელს დაფიქსირებული ახალი დარღვევების უმეტესობა განმცხადებლის შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევას ეხებოდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ განსახილველი საქმეები მოიცავდა არასათანადო მოპყრობის, სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების და ოჯახში ძალადობის შემთხვევების და მათი არაეფექტური გამოძიების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შეზღუდვის, ასევე ლგბტი პირთა შეკრების თავისუფლების დარღვევის, რელიგიის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევებს.
დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საქართველოს წინააღმდეგ 15 ახალი საქმე მიიღო მათი შესრულების მონიტორინგის მიზნით, რაც ხუთჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს. ამ 15 საქმიდან 12 იყო განმეორებითი საქმე , ხოლო 3 წამყვანი (რაც სახელმწიფოების მხრიდან კონკრეტული და ხშირად შორსმიმავალი ზომების მიღებას მოითხოვს, იმავე დარღვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად). 2023 წლის ბოლოსთვის სულ 78 საქმე იყო განსახილული, აქედან 51 განმეორებითი და 27 წამყვანი საქმე.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2023 წლის ბოლოს 13 წამყვანი საქმე ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო განხილვის პროცესში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2023 წელს ხუთი საქმე დაიხურა, რომელთაგან ოთხი იყო წამყვანი საქმე, ერთი კი განმეორებითი.
2023 წელს სასამართლოს მიერ დაკისრებული სამართლიანი კომპენსაციის სრული გადახდა დარეგისტრირდა თორმეტ საქმეზე.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია რამდენიმე გახმაურებული საქმე:
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) – საქმე ეხება 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრამდე დიდი რაოდენობით საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებას და რუსეთიდან გაძევებას. მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა შეშფოთება იმის გამო, რომ სამართლიანი კომპენსაციის და დარიცხული პროცენტის გადახდა 2019 წლის 30 აპრილს საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგაც არ განხორციელებულა. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ამ ვალდებულების შესრულების შეფერხების გამო, დაზარალებული ვერ იღებენ კომპენსაციას მათთვის მიყენებული ზიანისთვის.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) – საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კონვენციის სხვადასხვა დარღვევას. ანგარიშის თანახმად, მინისტრთა კომიტეტმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო შუალედური რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2023 წლის 28 ივლისს ამოიწურა და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას „შემდგომი შეფერხების გარეშე“ გადაეხადა დარიცხული პროცენტი. კომიტეტმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, გამოეძია ჩადენილი დანაშაულები დამნაშავეთა გამოსავლენად და დასასჯელად. კომიტეტმა ასევე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საკუთარ სახლებში დაბრუნებას. მან ასევე მოუწოდა რუსეთს აღკვეთოს გატაცების, მკვლელობის, წამებისა და სხვა მსგავსი ინციდენტები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას, ასევე უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხო დაბრუნება.
მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ – საქმე ეხება „მე-18 მუხლს“ რაც გულისხმობს „უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ბოროტად გამოყენებას“. ანგარიშში ნათქვამია, რომ კომიტეტმა საქმის განხილვა განაგრძო. 2023 წლის მარტში ჩატარებული ბოლო გამოკვლევის დროს, კომიტეტმა „გაიხსენა სასამართლოს დასკვნების სიმძიმე მე-18 მუხლთან მიმართებით და შემდგომი მითითებები პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ“. კომიტეტმა აღნიშნა გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტში და მოუწოდა ხელისუფლებას „დროულად განახორციელოს რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 05/02/2024 – სტრასბურგის სასამართლომ 2023 წელს საქართველოს წინააღმდეგ 156 განაცხადი მიიღო
- 06/04/2023 – ევროპის საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში „საკანონმდებლო რეფორმის ნაკლებობაა“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)