ახალი ამბები

საქართველოს ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებელები 2022 წელს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ საქართველოში 2022 წელს დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ 30 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ წელს, უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა (49 118), ვიდრე დაიბადა (42 319).

ზოგადი დემოგრაფიული მაჩვენებლები

საქსტატის ცნობით, მიუხედავად უარყოფითი მატებისა, წინა წელთან შედარებით, 18%-ით შემცირდა გარდაცვლილთა რაოდენობა. 2021 წელს ეს რიცხვი 59 906-ს შეადგენდა. შარშან გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა – 14 123 – თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი – 715 – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

წყარო: საქსტატი

წინა წელთან შედარებით, შემცირდა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობაც, 2021 წელს 45 946 ბავშვი დაიბადა. შარშან დაბადებული 42 319 ბავშვიდან 21 897 ბიჭი იყო, 20 422 კი – გოგო. ამასთან, შობადობით თბილისი დომინირებდა, სადაც 14 202 ბავშვი დაიბადა, ყველაზე ნაკლები კი – 246 – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 37.4%-დან 39.1%-მდე გაიზარდა რიგით პირველი შვილების წილი, მეორე შვილის წილი – 35.6%-დან 33.5-მდე შემცირდა, მესამე და მომდევნო რიგითობის შვილების წილი კი – თითქმის უცვლელი (26.6%) დარჩა.

წყარო: საქსტატი

„2022 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25-მდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2%-დან 26.5%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2%-დან 69.6%-მდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6%-დან 4%-მდე გაიზარდა“.

რეგისტრირებული ქორწინება-განქორწინება

საქსტატის მონაცემებით 2021 წელთან შედარებით შარშან 12.5%-ით – 26 048-მდე გაიზარდა რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა. 2022 წელს ეს მონაცემი 23 155 იყო. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.4 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელი.

2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 32.3%-ით მეტია. შარშან ოფიციალურად 10 654 წყვილი განქორწინდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button