skip to content
ახალი ამბები

HRC ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის „საგანგაშო ტენდენციაზე“ საუბრობს

„ოპოზიციის ლიდერებისათვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტამ საგანგაშო ტენდენციის ფორმა მიიღო, რომლის მიზანი, შესაძლოა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) 16 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენების მთავარი ინიციატორები, უმრავლეს შემთხვევაში ოპოზიციონერი დეპუტატები არიან, ხოლო მათი რაოდენობის შემცირება საკანონმდებლო ორგანოში, მაკონტროლებელი ფუნქციების იმპლემენტაციას მინიმუმამდე დაიყვანს“.

ამასთან, „სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, დაინტერესებული იყოს საპარლამენტო ოპოზიციის შესუსტებით და კონკრეტული დეპუტატებისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით“.

გარდა ამისა, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გამოძიების დაწყება ხშირად ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს ემთხვევა, როგორებიცაა: არჩევნები, ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქციები ან ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივები.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საფრთხის წინაშე მომავალშიც დადგნენ სწორედ ის დეპუტატები, რომლებიც პოლიტიკური აქტივობებით შეიძლება გამოირჩევიან საზოგადოებაში, რაც ცალსახად მიუთითებს საგანგაშო ტენდენციაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში მოქმედი და ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და ამჟამინდელი თავმჯდომარეების – ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის, ასევე „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ, სავარაუდოდ, „პოლიტიკურად მოტივირებულ“ სისხლის სამართლის საქმეებზეა ყურადღება გამახვილებული. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ საქმეები

ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმეები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვატაზე საუბრისას, რის საფუძვლადაც, მაშინ უმრავლესობის დეპუტატებმა ე.წ. „ბანკი ქართუს“ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაასახელეს, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს პარლამენტს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ უნდა განეხილა, როგორც კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება და ზემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილებებს უნდა დალოდებოდა.

რაც შეეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას გულისხმობდა და რომლის საფუძველზეც პროკურატურამ პარლამენტს მელიასთვის სადეპუტატო უმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი წინადადება ფორმალურ ხასიათს ატარებდა“. „მასში წინასწარი პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის დამადასტურებელი რიგი მნიშვნელოვანი ასპექტები სათანადოდ არ იყო წარმოდგენილი და დასაბუთებული, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რაზეც პროკურატურა მიუთითებდა, ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, არ შეესაბამებოდა ნიკანორ მელიას კონკრეტულ საქმეს“. მიუხედავად, ამისა, პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი მაინც მოუხსნა.

ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ საქმე

დოკუმენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ 2020 წლის ივნისში დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მაშინდელ მოადგილეს, ირაკლი ზარქუას მიმართ ფიზიკური ძალადობის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზეც არის ყურადღება გამახვილებული და ნათქვამია, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დეპუტატის უფლებამოსილება მასაც შეუწყდება. „[ამით] გაგრძელდება ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის ტენდენცია“.

ბადრი ჯაფარიძის საქმე

რაც შეეხება ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დამდგარი განაჩენის გამო ლელოს დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას, ანგარიშში ხაზგასმულია რომ დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button