ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და კახა კუჭავას დეპუტატის მანდატები შეუწყვიტეს

ქართულმა ოცნებამ 15 თებერვალს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე ლელოს დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს, დროას დამფუძნებელ ელენე ხოშტარიასა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ქართული ოცნების დეპუტატებმა ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის მანდატის გაუქმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი „თიბისი ბანკის“ საქმეზე თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დააპატიმრეს.

შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება საპარლამენტო სესიების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო შეუწყდათ. ნათელაშვილი-ხოშტარია ბოლო ორი დეპუტატია, რომლებიც ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში მაინც არ შევიდნენ. თუმცა, ნათელაშვილმა 10 თებერვალს თქვა, რომ მან საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტა. ხოშტარიას გადაწყვეტილება ბოლომდე არ შეუცვლია.

რაც შეეხება კახა კუჭავას, მან მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს 2021 წლის დეკემბრის ბოლოს თავად მიმართა.

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მათ ვეღარავინ შეცვლის, რადგანაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტის დროს საპარლამენტო პროპორციული სიები გააუქმა.

შედეგად, ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგად მოპოვებული 60 მანდატი 55-მდე შემცირდა. მანამდე, 2021 წელს, მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს თავმჯდომარეებმა – ნიკა მელიამ და მამუკა ხაზარაძემ მიმართეს.

ოპოზიციის შეფასება 

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკა მოჰყვა.

დღევანდელ სესიამდე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც, ქართულმა ოცნებამ მანდატების გაუქმება გადაწყვიტა, არის ის, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო წამების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რომელსაც 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მანვე ქართულ ოცნებას ოპოზიციის მიერ ჩახსნილი საპარლამენტო პროპორციული სიების აღდგენისკენ მოუწოდა, რათა „ყველა მანდატი დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს“.

ქართული ოცნების გადაწყვეტილება მის მიმართ „უსამართლო პოლიტიკური დევნის გაგრძელებად“ შეაფასა თავად ბადრი ჯაფარიძემ.

„არავის არ აქვს საქართველოს პარლამენტის წევრის პარლამენტიდან გარიცხვის უფლება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფლება არ მიუნიჭებია არცერთ ჩვენს კოლეგას ერთმანეთისთვის, ეს უფლება მიანიჭა საქართველოს მოსახლეობამ“, – თქვა გირჩის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.

არასამთავრობოების გამოხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 10 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტა „პარლამენტის დასუსტებისკენ“ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

არასამთავრობოების შეფასებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილების „მიზანი, შესაძლოა ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს“.

ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებით, არასამთავრობოებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენია, თუმცა „გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს“.

მათვე აღნიშნეს, რომ საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს, არასამთავრობოებმა განაცხადეს, რომ სესიების „არასაპატიო მიზეზით“ გაცდენის გამო მათთვის მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტმა უარი ერთხელ უკვე თქვა.

ამასთან, მათივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტით გაწერილი პროცედურები არ გაუვლია, „მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button