ახალი ამბები

„საქართველოსა“ და „თავისუფალი“ უნივერსიტეტები მმართველი გუნდის ბრალდებებს ეხმიანებიან

„საქართველოსა“ და „თავისუფალმა“ უნივერსიტეტებმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციებზე სტუდენტების სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამოყენების შესახებ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს უპასუხეს და მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს „შეურაცხმყოფელი“, „არასერიოზული“ და „ამორალური“ უწოდეს. „საქართველოს უნივერსიტეტმა „ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ 14 მარტს სასამართლოსაც მიმართა.

„საქართველოს უნივერსიტეტის“ გამოხმაურება

„უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იმ განცხადებებით, რაც უკანასკნელ დღეებში გვესმის ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ. ეს სიცრუეზე აგებული კამპანია მიზნად ისახავს უნივერსიტეტის, მისი სტუდენტების დისკრედიტაციას, იმ ღირებულებების დისკრედიტაციას, რასაც წლებია ვემსახურებით, ჰუმანური და დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაციას, განათლების, პროგრესის, თავისუფლების, ხარისხის, ჰუმანურობის და შრომის დისკრედიტაციას“, – განაცხადა პრემიერისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებების საპასუხოდ, 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ.

მისი თქმით, უნივერსიტეტის დისკრედიტაციით, ცდილობენ „ჩირქი მოსცხონ“ მათ სტუდენტებს, რომლებითაც ამაყობენ და „ვინც მართლაც ისტორიის ნათელ მხარეს დგას“. „მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ასეთი შეხედულებები ჩვენი სტუდენტების მიმართ. ისინი დამოუკიდებლად, თავისუფალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე აღზრდილი ახალგაზრდები არიან, იმდენი ცოდნით და უნარებით, რომ მათზე ზემოქმედება, მათი მართვა და ბრმა იარაღად გამოყენება შეუძლებელია“.

თოფურიას შეფასებით, „მათი როლის, თავისუფალი ნების დაკნინება ლახავს სტუდენტების ღირსებას“. „უნივერსიტეტი მისი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ყოველთვის იგებიან დემოკრატიის, თავისუფლების, საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, მორალურ მხარეს, ისტორიის ნათელ მხარეს და ყველაფერს ვიზამთ, რომ ვერავინ შეძლოს აბუჩად აიგდოს ჩვენი მთავარი ღირსება – ჩვენი სტუდენტები“, – დასძინა მან.

უნივერსიტეტის რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ „სამწუხაროა, რომ „ხელისუფლება მოქცეულია იმ იდეოლოგიური პროპაგანდის ტყვეობაში, რასაც პუტინის პროპაგანდისტები დიდი ხანია ავრცელებენ. თითქოს პოლიტიკური პროცესი სადღაც მტრულ დასავლეთში იგეგმება, ევროპაში, ამერიკაში, მასონების თუ სხვა მითიური მტრების მიერ და ხორციელდება მათი სატელიტი NGO-ების მიერ, ხოლო ხალხი და, მათ შორის, სტუდენტები და ცნობილი მეცნიერები მხოლოდ მოტყუებული ბრმა იარაღია“.

კონსტანტინე თოფურიამ ისიც აღნიშნა, რომ „ტყუილია“ პრემიერისა და „ქართული ოცნების“ ბრალდებები, თითქოს „საქართველოს უნივერსიტეტს“ შენობები 1 ლარად გადაეცა. „ეს შენობები ჩვენ საჯარო აუქციონზე დაახლოებით 4 მლნ აშშ დოლარად შევიძინეთ. ამ შენობების შესაძენი თანხა საბანკო სესხით მივიღეთ. ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ ამ შენობებს ტექნიკური უნივერსიტეტი იყენებდა. აქ იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, კარკასები, სადაც ვერანაირი სასწავლო პროცესი თუ აქტივობა ვერ განხორციელდებოდა. ამ შენობების რეაბილიტაციისთვის საქართველოს უნივერსიტეტმა 12 მლნ დოლარის სასესხო ხაზი გაჭრა ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა მან.

რექტორის თქმით, „ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის“ პრემიერისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიმართეს. „ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში ჩვენს სტუდენტებს მიაძახოს, რომ თითქოს მათი უნივერსიტეტი რაიმე კორუფციული გარიგებით შეიქმნა“, – ხაზი გაუსვა მან.

ახალგაზრდების „მოწამვლისა“ და „ტვინის გამორეცხვაზე“ მმართველი გუნდის ლიდერების „აბსურდულ“ განცხადებებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ბაზაზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბიც“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს დეზინფორმაცია აშკარად ატარებს აგრესიულ, შავრაზმულ ხასიათს და ემსახურება ფრანკლინის კლუბისგან მტრის ხატის შექმნას“. „მსგავსი პროპაგანდა სრულიად უპასუხისმგებლოა ჩვენთან განათლების ნებაყოფლობით მიმღები ახალგაზრდების მიმართ, რომლების უმრავლესობაც სკოლის მოსწავლეა“, – აღნიშნეს კლუბში.

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ გამოხმაურება

„ჩვენი შეფასებით ეს არის მიზანმიმართული მცდელობა რომ ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი პოლიტიკურ პროცესებში შეიყვანონ, რაც არასერიოზული და ამორალურია. სამწუხაროა, ასეთი ფაქტი, რომ ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამას ცდილობს. რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი არიან სრულწლოვანი ადამიანები, ჩვენ მათ იდენტობას პატივს ვცემთ და არასდროს არაფრისკენ მოგვიწოდებია. ჩვენი მიზანია სტუდენტებს განათლება მივცეთ. შემდეგ სად წავლენ ეს მათი გადასაწყვეტია და ცხადია ამაში ვერ და არ ჩავერევით“, – განაცხადეს „თავისუფალ უნივერსიტეტში“.

უნივერსიტეტში ასევე „მიზანმიმართული ტყუილი“ უწოდეს თავის დროზე მათთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების 1 ლარად გადაცემის თაობაზე, ირაკლი კობახიძის განცხადებას და აღნიშნეს, რომ „აგრარული უნივერსიტეტი [რის ბაზაზეც დაფუძნდა თავისუფალი უნივერსიტეტი] თავის დროზე „ცოდნის ფონდმა“ 18 მლნ ლარად შეისყიდა, თავის ვალდებულებებით, რომ პროფილი არ უნდა შეცვლილიყო და უნივერსიტეტად დარჩენილიყო“. „ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე არასერიოზული განცხადება იყო და ცილისწამება“, – ხაზი გაუსვეს „თავისუფალ უნივერსიტეტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button