ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს, 13 თებერვალს, დუბაიში გამართულ მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღო მონაწილეობა და რიგი შეხვედრები გამართა.

პრემიერის სიტყვა სამიტზე

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი ერთგულია, რაც მათ „მრავალგანზომილებიან მიდგომაში“ აისახება. „რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შესაძლებლობების შემცირების“ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ წელს საქართველოს ორპროცენტიან ეკონომიკურ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023-2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

ამ კონტექსტში, მან ამავე პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 100%-იანი ზრდაც აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყანა აქციოს „ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად“, რისთვისაც „აქტიურად“ მუშაობს მსოფლიოს წამყვან ფირმებთან და ყველაზე „ნათელ თავებთან“. პრემიერმა ასევე თქვა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთავრობამ შეძლო, რომ ქვეყანა ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მსოფლიოში და რომ საქართველო საერთაშორისო ფირმებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გაფართოებისთვის უფრო დიდ რეგიონში, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს როგორც რბილი, ისე მყარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ კონტექსტში, მან შემდეგი პროექტები დაასახელა: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განვითარება, ევროპისა და აზიის ნავთობის ტრანსპორტირების დერეფანი, შავი ზღვის თხევადი აირის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.

„ეს პროექტები განსაკუთრებით აქტუალურია ევროპა-აზიის სავაჭრო დერეფნების დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი განიხილება არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად“.

ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მუშაობის გამჭვირვალობასა და ღიაობას, ადგენს მაღალ სტანდარტებს ღია მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უსაფრთხოების სფეროებში.

„ყველა იმ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, როგორც კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის მრავალწლიან არჩევანზე“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ „გადაწყვეტილი გვაქვს სწრაფი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი შემდეგი უახლოესი ეტაპი“.

სამიტის ფარგლებში შეხვედრები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში „არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის“ კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელა. პრემიერმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრმა მოჰამმად აბდულლა ალ გერგავმა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო მმართველობის განვითარებისა და მოდერნიზაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პრემიერი ღარიბაშვილი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრს მასრურ ბარზანისაც შეხვდა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გუნდის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა პრემიერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, პროფესორ კლაუს შვაბთან შეხვედრაზე. მათვე საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობას გაუსვეს ხაზი, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა კლაუს შვაბს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button