ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი

5 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 56–ე რაუნდი გაიმართა.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

56-ე რაუნდის წინაისტორია

დისკუსიების 56-ე რაუნდის ჩატარება თავდაპირველად მარტში იგეგმებოდა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთისთვის ევროპული ცის ჩაკეტვის შედეგად გადაიდო.

დისკუსიების გადადების გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე განცხადება მოჰყვა. ბოლო, ივნისში გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსკოვმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების „ყველა მონაწილისთვის მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილას“ გადატანის საკითხი დააყენა. საკუთარი მოთხოვნის მიზეზად რუსეთის საგარეო უწყებამ „აშშ-ის, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის ნაბიჯების დესტრუქციულობა“ დაასახელა, რაც „ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის“.

მოგვიანებით, ივლისში, ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ საჭიროა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილის შეცვლა ნაკლებად ანგაჟირებული ადგილით და ქალაქით, სადაც მოლაპარაკებების პროცესის ყველა მხარისთვის თანაბარი შესაძლებლობები და პირობები იქნება“.

წარსულში რუსეთის მხრიდან მსგავსი ბრალდებების საპასუხოდ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა „სამოქალაქო საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბოლო რაუნდის გადადების გადაწყვეტილება პროცესის დასაცავად და იმგვარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად მიიღეს, როდესაც საერთაშორისო გარემო, განსაკუთრებით ომი უკრაინაში, უარყოფითად აისახებოდა თავად რაუნდის მსვლელობაზე და, შესაბამისად, მთლიანად დისკუსიებზე“.

თანათავმჯდომარეების შეფასება 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიესალმნენ 56-ე რაუნდის ჩატარებას და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პროცესი „კვლავ ერთადერთ პლატფორმად რჩება, სადაც კონფლიქტის შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება“.

თანათავმჯდომარეების თქმით, მართალია, დისკუსიების ეს რაუნდი პირველად გაიმართა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, თანათავმჯდომარეებსა და მონაწილეებს შორის კომუნიკაციის არხები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოქმედი რჩებოდა.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მონაწილეთა ერთგულებას დისკუსიების ფორმატის მიმართ.

თბილისის პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რომლებიც შეეხება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაციამ ასევე აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. 

რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის პოზიციები 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა მარტში დისკუსიების შეჩერების გადაწყვეტილების „დესტრუქციულ ხასიათს“ გაუსვეს ხაზი და ამგვარი ვითარების გამეორების დაუშვებლობაზე მიანიშნეს.

რუსეთის საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოხატა „იმ მცდელობების გამო, რომ ჟენევის დისკუსიები სხვა რეგიონებში განვითარებული მოვლენებისა და საერთო გეოპოლიტიკური ვითარების მძევალი გახადონ“ და მოუწოდა თანათავმჯდომარეებს, რომ „მოლაპარაკებების პროცესის პოლიტიზირებას“ თავი აარიდონ.

მოსკოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ერთი მხრივ, თბილისს და, მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მონაწილემ „დაადასტურა ინტერესი მოლაპარაკებების რეგულარული პროცესის აღდგენის მიმართ“.

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, სოხუმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მოწოდებას ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე.

აფხაზეთის ხელისუფლებამ შეშფოთება გამოხატა „აშშ-ის და ნატოს წევრი სახელმწიფოების უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს სამხედრო-ტექნიკური პოტენციალის“ ზრდის, ასევე საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების გამო და აღნიშნა, რომ ასეთი წვრთნები „რეალურ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“.

დისკუსიების დროს, სოხუმმა გალის IPRM-ის შეხვედრების აღდგენის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ცხინვალის მონაწილეებმა „ქართული მხრიდან პერიოდულად სასაზღვრო პროვოკაციების“ საკითხი, ასევე „სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საინჟინრო აღჭურვილობების გამოყენების საჭიროების“ საკითხი დააყენეს.

მოსკოვისა და სოხუმის მსგავსად, ცხინვალმაც მოითხოვა ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერა და „სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ყოფნის გაფართოების“ გამო.

დისკუსიების მომდევნო რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button