Placeholder canvas
ახალი ამბები

გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემდეგ გარდაცვლილი ქალის შვილებს სახელმწიფომ 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს

ქალთა უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს 100 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრის, ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის, რომელმაც 2014 წელს გენდერული ნიშნით თავისუფლების ჯგუფურად უკანონოდ აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის შემდეგ თავი მოიკლა.

ორგანიზაციის ცნობით, ისინი ჯეირანოვას ორი შვილისთვის 100 000-100 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს თითოეულისთვის მხოლოდ 50 000-50 000 ლარის გადახდა დააკისრა.

„საფარმა“ საქალაქო სასამართლოს გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა, რომელმაც დაადგინა, რომ „საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით“.

კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ კი ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.

ამბის წინაისტორია

ხანუმ ჯეირანოვასთვის თავისუფლების ჯგუფურად უკანონოდ აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი სამ პირს 2022 წლის აპრილში, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ წარუდგინა. საფარის ცნობით, საქმის ფარგლებში, ჯამში სულ 5 პირია დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ჯეირანოვა ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის შემდეგ, „მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით“, ჯეირანოვას თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს, სოფლის ცენტრში მიიყვანეს, ადგილობრივების თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიეს და თქვეს, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო.

„ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, „ბრალდებულებისა და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად“, ჯეირანოვამ 2014 წლის 18 სექტემბერს თავი მოიკლა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button