skip to content
ახალი ამბები

პროკურატურამ 2014 წელს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ 2014 წელს გარდაცვლილი ხანუმ ჯეირანოვასთვის თავისუფლების ჯგუფურად უკანონოდ აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სამ პირს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ჯეირანოვა ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის შემდეგ, „მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით“, ჯეირანოვას თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს, სოფლის ცენტრში მიიყვანეს, ადგილობრივების თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიეს და თქვეს, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო.

„ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, „ბრალდებულებისა და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად“, ჯეირანოვამ 2014 წლის 18 სექტემბერს თავი მოიკლა.

ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარებს, რაც სასჯელის სახით 7-10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამბის წინაისტორია

პროკურატურის განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი დაცვა და ყველა საჭირო ზომის მიღება ხანუმ ჯეირანოვას, როგორც ქალის წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

ამასთან, კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ვალდებულება, რომ გამოეძიებინა და დაესაჯა ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობასა და გარდაცვალებაში დამნაშავე პირები.

კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ ჯეირანოვა იყო „ეთნიკურ დისკრიმინაციისა და პოლიციისა და სასამართლო ხელისუფლების სტერეოტიპული დამოკიდებულების მსხვერპლი“.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე დახურა. საგამოძიებო უწყებამ დაასკვნა, რომ მსხვერპლმა თავი მოიკლა, საკუთარი „სამარცხვინო“ და „უკადრისი საქციელის გამო“.

მას შემდეგ, რაც საკითხი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, პროკურატურამ გამოძიება განაახლა.

გამოძიება დროში გაჭიანურების შემდეგ, ოჯახის სახელით გაეროს კომიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2018 წელს მიმართეს.

საგულისხმოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცი „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ პროკურატურის ვერსიაში ეჭვი შეიტანა. 2021 წელს მან თქვა, რომ ხშირად ხდება, როდესაც ქალის მკვლელობა თვითმკვლელობად არის წარმოდგენილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button