მარნეულის სკოლაში მოსწავლეების მუხლებზე დაყენების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ოქტომბერს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირიხლოს სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, რახმან მუსაევის მიერ დასჯის მიზნით უმცროსკლასელ მოსწავლეთა მუხლებზე დაყენების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
რახმან მუსაევის მიერ, რომელიც ამავე დროს მარნეულის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატიც არის, დასჯის მიზნით მოსწავლეების მუხლებზე დაყენების ამსახველი ფოტო გუშინ, 2 ოქტომბერს გავრცელდა.
არსებული ცნობებით, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეების დასჯის მიზეზი ის იყო, რომ ისინი კარგად არ სწავლობდნენ. მედიის ინფორმაციით, მასწავლებელმა მუხლებზე დაჩოქილ ბავშვებს ფოტო თავად გადაუღო და მშობლებს გაუგზავნა.
სოფელ კირიხლოს სკოლის დირექტორმა, მეჰმან მუსაევმა, რომელიც რახმან მუსაევის ბიძაა, 2 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ მისმა ძმიშვილმა სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და იგი უკვე გაათავისუფლა.
მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხანალი გახრამანოვმა ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ „როგორც რესურსცენტრისთვის, ასევე სკოლისთვის ამგვარი ქმედება მიუღებელია“. მისივე თქმით, ეს ასეთი პირველი შემთხვევაა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა.
„მთავარი არხის“ 3 ოქტომბრის ინფორმაციით, რახმან მუსაევმა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართა და ეს ინფორმაცია მათ საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის ქართულ ოცნებას დაუკავშირდა, პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ გუშინ Faceboook-ზე დაწერა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ამის მთავარი მიზეზი „სკოლის პოლიტიზებაა“. „სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკური როლს ასრულებენ ვიდრე საგანმანეთლებლო“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)