ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა 23 იანვარს ჩატარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 იანვარს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო სხდომა დასრულდა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი განიხილებოდა. მომდევნო პროცესი 23 იანვარს, 14:00 სთ-ზე ჩატარდება.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე, რომელზე დისტანციურად ჩართვაზეც უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავდ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები და კლინიკა „ვივამედის“ ექთანი გამოკითხეს.

„ემპათიას“ ექსპერტ-ფსიქოლოგმა, ლიანა ჩოხელმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება პროდუქტიულობისა და მოტივაციის, ასევე ინტელექტუალურ-შემეცნებით და ემოციური ნებითი სფეროს მკვეთრი დაქვეითება, სააზროვნო პროცესების გაძნელება, ინტერესთა სფეროს უგულებელყოფა, პასიურობა, ინაქტიურობა. მანვე განმარტა, რომ პაციენტს არა დეპრესია, არამედ აპათია აქვს, რაც დემენციის ერთ-ერთი ნიშანია. ლიანა ჩოხელმა ასევე თქვა, რომ გასინჯვისას სააკაშვილის მხრიდან „არავითარ სიმულაციას არ ჰქონდა ადგილი“.

ექიმმა-ფსიქიატრმა, გიორგი ბერულავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დემენციის მქონე პაციენტის პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია. „ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] რომ იმყოფება პატიმრობაში დემენციის დიაგნოზით ყოველი მისი დღე მისთვის არაჰუმანური მოპყრობაა. არ შეიძლება ეს“, – ხაზი გაუსვა მან.

„ემპათიას“ კიდევ ერთმა ექსპერმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ სასამართლოს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაავადების სიმძიმიდან და პროგრესულობიდან გამომდინარე, საკანში მისი გადაყვანა სიკვდილის ტოლფასი იქნება.

გუშინდელ სასამართლო პოცესზე კლინიკა „ვივამედის“ ექთანმა, ნინო პანტიაშვილმა არ დაადასტურა, კლინიკის დირექტორის, ნინო ნადირაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია, მის მიმართ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მხრიდან მუქარის შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ პირადად მისთვის მიხეილ სააკაშვილს არც შეურაცხყოფა მიუყენებია, თუმცა პაციენტის აგრესიული ქცევების შესახებ სმენია.

თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი დაავადებების შემთხვევაში, პატიმრისთვის სასჯელის გადავადება და მით უმეტეს, მისი გათავისუფლება მომხდარიყო. „მქონია შემთხვევები, როდესაც მძიმე დაავადებების შემთხვევაში, ამ მოსამართლესაც, სხვა მოსამართლეებსაც პატიმრის სასჯელის ვადის გადავადებაზე უარი უთქვამთ“, – აღნიშნა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button