Placeholder canvas
ახალი ამბები

ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთში სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ 21 დეკემბერს, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის ქალაქ კაისერიში გაიმართა. იგი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს – ჰულუსი აქარსა და ზაქირ ჰასანოვს პირისპირ ფორმატებშიც შეხვდა.

საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო და მინისტერიალს მონაწილე ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. სამმხრივი მინისტერიალი წელს თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარდა.

სამმხრივი მინისტერიალი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამმხრივ ფორმატში შეხვედრისას, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების გარემო და თანამედროვე გამოწვევები, ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. მათვე ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგომატარებლების მიწოდების გზების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს, რა დროსაც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას.

შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი მინისტერიალის კომუნიკეს ხელი მოაწერეს.

თურქ კოლეგასთან შეხვედრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, თურქი ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა აღნიშნა და თურქ კოლეგას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. მათვე ნატოსთან თანამშრომლობაზე, სამხედრო განათლებასა და საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით კავშირების გაღრმავებაზეც იმსჯელეს.

„საუბრის ერთ-ერთ წამყვან თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მზარდი საფრთხეები და უკრაინაში რუსეთის აგრესია წარმოადგენდა“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების რელიზში.

აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა

ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მათვე „ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს“.

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს, მათ შორის, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობასა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.

ამავე ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთისა ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს“.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისთვის ურთიერთდახმარების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მათვე ხაზი გაუსვეს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ვითარდება. კოლეგებმა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზეც იმსჯელეს, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები განიხილეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button