ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს საქართველოზე გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ მოუწოდებს  

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ორ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განაცხადა, რომ მიუხედავად ევროპის საბჭოდან გასვლისა, რუსეთს ორივე საქმეზე გამოტანილი განაჩენების აღსრულება მოეთხოვება.   

6-8 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, მინისტრთა მოადგილეებმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კვლავ არ მოახდინა რეაგირება, რათა აღასრულოს რუსეთის ფედერაციიდან 2006-2007 წლებში ქართველთა დეპორტაციის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. მათ რუსეთის ხელისუფლებას დეპორტაციასთან დაკავშირებული ზიანის ასანაზღაურებლად სათანადო კომპენსაციების გადახდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.   

მათივე თქმით, ისინი „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან არ მიუღიათ ინფორმაცია მის უპირობო ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომ დეპორტაციის 1 500 ქართველ მსხვერპლს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს.

აღნიშნეს რა, რომ რუსეთს კომპენსაცია არ გადაუხდია მიუხედავად იმისა, რომ გადახდის ბოლო ვადიდან სამი წელი გავიდა, მინისტრთა კომიტეტმა განაცხადა, რომ ისინი შექმნიან და გამოაქვეყნებენ რეესტრს იმ კომპენსაციებისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ყველა სახელმწიფოთაშორის საქმეზე დაგროვდა და მას მუდმივად განაახლებენ, რათა დაგროვილი პროცენტებისა და თანხების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის.  

რაც შეეხება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მეორე საქმეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებმა მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას განაჩენის აღსრულების გეგმა წარუდგინოს და  გამოიძიოს საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის, ასევე ოკუპაციის პერიოდში ჩადენილი სერიოზული დანაშაულები.  

ამ კონტექსტში, მათ შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარ სახლებში დაბრუნებას და მოუწოდეს რუსეთს, რომ მათი უსაფრთხო დაბრუნება უზრუნველყოს.  

მინისტრთა კომიტეტი ორივე საქმის გადაწყვეტილებების აღსრულების განხილვას 2023 წლის მარტში განაახლებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button