ახალი ამბები

პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გამოემშვიდობნენ 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს გამოემშვიდობნენ, რომლის უფლებამოსილების ვადაც მიმდინარე კვირას იწურება.

შეხვედრა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს „მისიის ეფექტური მუშაობისთვის“. ამ კონტექსტში, მხარეებმა აღნიშნეს, რომ სადამკვირვებლო მისია „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახორციელებს დაძაბულობის ესკალაციის პრევენციას და ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში „ნათლად ასახავს ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან გამკლავებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში“.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან 

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ელჩმა შჩიგელმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მისიის როლსა და მნიშვნელობაზე ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი „რთული ვითარება“.

დარჩიაშვილმა მადლიერება გამოხატა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის და მადლობა გადაუხადა ელჩს „მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის“.

ელჩი შჩიგელის განცხადება

თავის მხრივ, შეხვედრების შემდეგ ელჩმა შჩიგელმა Twitter-ზე დაწერა, რომ „მისიის ხელმძღვანელად მუშაობა ყველაზე სასარგებლო პროფესიული გამოცდილება იყო“ მის კარიერაში.

„ძალიან ვამაყობ, რომ ვიყავი მისიის გუნდის წევრი მისიის ისტორიაში ამდენი გადამწყვეტი მომენტის პერიოდში“, – დასძინა მან.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა და ის უიარაღო დამკვირვებლებისგან შედგება, რომლებიც ადგილზე სიტუაციის სტაბილურობას უწყობენ ხელს, თუმცა მათ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ. 

ელჩმა შჩიგელმა მისიის ხელმძღვანელად მუშაობა 2020 წლის მარტში დაიწყო. მისიის ინფორმაციით, მისი შემცვლელი ჯერჯერობით არ შერჩეულა.

ასევე წაიკითხეთ:

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 7 დეკემბერს, 16:55 სთ-ზე ელჩ შჩიგელის განცხადების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button