skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი უკვე საქართველოშია და 15 მარტიდან იგი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

„მე მოხარული ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებით და ამ პროფესიონალთა გუნდის გაძღოლით. ჩვენი დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი კვირაში 7 დღე, დროდადრო რთულ პირობებში და გამოხატავენ მანდატის შესრულების მზადყოფნას. ჩემთვის პატივია შევუერთდე მისიას და ვიყო ევროკავშირის საქართველოში და ზოგადად რეგიონში ჩართულობის ნაწილი“, – თქვა მარეკ შჩიგელმა.

„საქართველოში სტაბილურობისდამი ჩვენი ერთგულება იმაზე დიდია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, – დაწერა მოგვიანებით შჩიგელმა Twitter-ზე.

50 წლის მარეკ შჩიგელი, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი ხნის სტაჟი აქვს, მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების გამოწვევების ელჩად და საერთაშორისო კიბერპოლიტიკის კოორდინატორად მუშაობდა. უფრო ადრე კი – 2011-2015 წლებში, იგი პოლონეთის ელჩი იყო ბუქარესტში, მანამდე მას ვენაში – ეუთოსა და გაეროს ოფისში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მარეკ შჩიგელი თანამდებობაზე 11 თებერვალს დაინიშნა და მისი მანდატი 2020 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

შჩიგელმა თანამდებობაზე მისი წინამორბედი დანიელი დიპლომატი ერიკ ჰოგი შეცვალა, რომელიც ამ პოსტზე 2019 წლის შუა რიცხვებამდე, ორი წლის განმავლობაში მსახურობდა. 2020 წლის პირველი იანვრიდან მისიის ხელმძღვანელის მოვალეობებს ქეით ფიერონი ასრულებდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელებას უწევს მონიტორინგს, უიარაღო დამკვირვებლები ჰყავს, რომელთაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button