skip to content
ახალი ამბები

„TI საქართველო“: მედიის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებები საშიშ ტენდენციად ჩამოყალიბდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) 2 დეკემბერს სასამართლოს მიერ „ტელეკომპანია პირველისა“ და მისი ჟურნალისტის, მაია მამულაშვილისთვის დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სასარგებლოდ 15 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს „მედიაზე ზეწოლის საშიში ტენდენციის ახალ ეტაპზე გადასვლაა“, „როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს იყენებენ კრიტიკული მედიის შესავიწროვებლად“.

„ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების“ სარჩელით კახა კალაძემ სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისს მიმართა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარის გადახდა მოითხოვა. მაშინ, დედაქალაქის მერის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განმარტა, რომ საქმე მაია მამულაშვილის მიერ 2022 წლის 5 ივნისს ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, თითქოს ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია“.

ორგანიზაციის განცხადებით, ქართული მედიაგარემო, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედია „სასიცოცხლო გამოწვევების წინაშე დგას“ და ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, მასობრივი უკანონო მოსმენებისა თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციის პარალელურად, ქართული ოცნება მათ წინააღმდეგ სასმართლო ხელისუფლების „ბოროტად“ იყენებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სტატისტიკური მონაცემებსაც იშველიებს და აცხადებს, რომ სამი კრიტიკული ტელევიზიის – „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველი“ წინააღმდეგ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა, რომელთაგანაც მომჩივანთან დიდი ნაწილი ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან.

„დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმადაც, „სამწუხაროდ“, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის. ორგანიზაციის თქმით, სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებაა ტელეკომპანიასთან ერთად მაია მამულაშვილის დაჯარიმებაც, მაშინ, როდესაც ამგვარი დავებისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა.

„კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ამგვარი ტალღა სრულიად ესადაგება კლეპტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ნიშანს, როცა  კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების გაჩუმებას მათ  წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით ცდილობენ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ხაზს უსვამს რა, რომ „არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს ქართულ ოცნებას, იმოქმედოს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და შეწყვიტოს საკუთარი გავლენების გამოყენება მედიის შესავიწროვებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button