ახალი ამბები

მედიაკოალიცია: ანდრია ჯაღმაიძის განცხადება ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს

მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯამღაიძის განცხადება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე ძალადობაში ნაწილობრივ მედიაც დამნაშავეა, „ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს“.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა – მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია“, – ნათქვამია კოალიციის მიერ 27 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიციის თქმით, „საგანგაშოა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას“.

„მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად“.


სოფელ ცხრამუხის მონასტერში, სავარაუდოდ დაყაჩაღების მიზნით უცნობი პირების შეჭრისა და ერთ-ერთ მონაზონზე ძალადობის შესახებ ცნობები მედიამ 26 ნოემბერს, დილით გაავრცელა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი იმავე დღეს დააკავა. პროკურატურამ კი – მათ ბრალი ოფიციალურად 27 ნოემბერს, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით გაუპატიურებისა და ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევის გზით ჯგუფური ყაჩაღობის მუხლებით წარუდგინა. დაკავებულებს 15-20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button