skip to content
ახალი ამბები

პროკურატურამ მონაზონზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მონაზონზე თავდასხმაში ორ ეჭვმიტანილს ბრალი დაუმძიმა.

კერძოდ, გამოძიება მათ მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით გაუპატიურებისა (სსკ-ის 137-ე, III-ს, „გ“ და IV-ის „ა“) და ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევის გზით ჯგუფური ყაჩაღობის (179-ე, II-ის „ბ“ და III-ის „ბ“) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-20-წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში მონაზონს თავს ორი პირი თავს დაესხა და ძალადობის მუქარით ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ, თავდამსხმელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულებმა მონაზონს მობილური ტელეფონი წაართვეს, კვლავ სცემეს და უგონო მდგომარეობაში დატოვეს. ბრალდებულებმა ეკლესიიდან შესაწირი ყუთებიც წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პროკურატურამ აღნიშნა, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს პროკურატურა მსგავს დანაშაულებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებულები სამართალდამცველებმა 26 ნოემბერს დააკავეს, თავდაპირველად მათ მიმართ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button