ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის პრემიერი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა პოსტზე დანიშვნის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც წერილს უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ „გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის მიმდინარე აგრესიის პირობებში“.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის წერილში.

რიში სუნაკის თქმით, კვლავაც მოუწოდებენ რუსეთის, რომ უკან წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგინიოს ე.წ. აღიარება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს.

„მოხარული ვარ, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში“, – ნათქვამია წერილში.

რიში სუნაკი წერილში ასევე მიესალმება უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ „ეს უკანონო ომი არის მწარე შეხსენება იმ საფრთხისა, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას“.

„გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ურყევია“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button