ახალი ამბები

ქართული ოცნების დეპუტატები სენატორ შაჰინის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის შესაფასებლად 16 ნოემბერს გამართულ მოსმენაზე სენატორებმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს.

სენატორი ჯინ შაჰინი სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან იმით დაინტერესდა, ხომ არ უნდა გადახედოს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მათ შორის, დაფინანსების კუთხით, იმ „უზარმაზარი უკუსვლის“ ფონზე, რაც ქვეყანაში ფიქსირდება.

სენატორ შაჰინის კრიტიკას ქართული ოცნების დეპუტატებმა კრიტიკითვე უპასუხეს და მას „უსამართლო“ უწოდეს.

ქვემოთ სენატორის კითხვაზე „ოცნების“ დეპუტატების კომენტარებია წარმოდგენილი:

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „აშშ – ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ზე [არასამთავრობო ორგანიზაციებზე]. ამიტომ, ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო. რაც შეეხება, უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის მას ფასი არ აქვს. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა და ასეთს ჩვენთვის ფასი ვერ ექნება… [ვიმეორებ, რომ] ძირითადად ეს დაფინანსება განკუთვნილია NGO-ისთვის და აქედან გამომდინარე მათ უნდა იდარდონ თუ ამ დაფინანსებას რამე ფორმით საფრთხე შეექმნება. მე არ მგონია, რომ ეს ასე მოხდება, იმიტომ რომ ენჯეოების დაფინანსება ამ ქვეყნის ინტერესებშია… შაჰინმა თქვა იმ განცხადებაში, რომ ასეთი საკითხი [საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ნაწილში ერთგვარი პირობითობის კომპონენტის შემოტანა] მე მითხრეს, რომ არ იქნება მიზანშეწონილი განსახილველადო, თვითონ შაჰინმა თქვა, მანამდე ერთ-ერთ ყოფილ ამერიკის ელჩს აქვს ნათქვამი ის, რომ დათქმები არის არარელევანტური, იმიტომ, რომ ისინი მუშაობენ NGO-ების გავლით.

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე: თვეების განმავლობაში, ქალბატონ [ჯინ] შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე, არც ცუდი და არც კარგი. ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების კომისარმა გააკეთა ძალიან პოზიტიური განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით და ეს არის მხოლოდ ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს. მერე, ის დაფინანსებაზე ილაპარაკებდა, თუ ა.შ. სადაც დიახ, დიდი ნაწილი NGO სექტორის დაფინანსებას შეეხება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავრობის პასუხისმგებლობაა მის ქვეყანაში NGO-ების დაფინანსება, ეს მეორეხარისხოვანია. პირველხარისხოვანი არის ის, რომ თვეების განმავლობაში, ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი, არც პოზიტიური, სხვათა შორის, და არც ნეგატიური გზავნილი“.

ირაკლი ზარქუა – ქართული ოცნება: „გუშინ თუ გუშინწინ წინ რა [განცხადებაც] გააკეთა ევროპის მაღალჩინოსანმა, თან ევროკომისარია, ეს არ არის [ანდრიუს] კუბილიუსი არჩეული იქ ან რაღაც გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკაში მოსული [ანა] ფოტიგები ან [მარკეტა] გრიგოროვები, არა. ეს არის დანიშნული ჩინოვნიკი, ევროკომისარი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს. ეს იყო მნიშვნელოვანი დეტალი და [ჯინ] შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით და ასეთი არასწორი მიდგომებით, არასწორი ტაქტიკებით, ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა კონგრესში დაკარგეს უმრავლესობა, ასეთი მიდგომით – არასწორი, არასამართლიანი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღირებულია ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს. [ჯინ] შაჰინი ამას რომ მეტყვის ახლა, რით განსხვავდება [ანდრიუს] კუბილიუსისგან?“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button