აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვი თბილისს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს.
პრემიერთან შეხვედრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.
მათვე ოქტომბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტზე გაამახვილეს ყურადღება, რაც პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და არსებულ უდიდეს პოტენციალს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
- 25/10/2022 – პრეზიდენტის თქმით, „არ ყოფილა ინფორმირებული“ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ
მხარეებმა „ხალხთა კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის“ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა „კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მომავალშიც, ყველა შესაძლო გზით, ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის“.
ამ კონტექსტში, მათ საქართველოს მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ აღნიშნეს, რომელშიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართულნი.
- 13/06/2021 – საქართველო-აშშ-ის მედიაციით, აზერბიჯანმა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა
პრემიერმა ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის „მტკიცე მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა
რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი.
საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, მათვე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების, ასევე სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გეგმების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)