პრეზიდენტის თქმით, „არ ყოფილა ინფორმირებული“ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ
მას შემდეგ, რაც კითხვები გაჩნდა, თუ რატომ არ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში 1-დღიანი სამუშაო ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი „არ ყოფილა ინფორმირებული“ ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი თბილისს 1-დღიანი სამუშაო ვიზიტით, გუშინ, 24 ოქტომბერს ეწვია და საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმსჯელეს.
- 24/10/2022 – ილჰამ ალიევი საქართველოს სტუმრობს
„საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 24 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი მიესალმა ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს და გამოხატა მზაობა „უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს“.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განმარტა, რომ „არ არის ის საკითხების წრე, არ არსებობს, რომელზეც შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა თუნდაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს“. „მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული… თავშეკავება მართებს პრეზიდენტს, ასეთ შემთხვევაში“, – ხაზი გაუსვა მან.
გია ვოლსკის თქმით, „არის სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერმინისტრი ჩვენი კონსტიტუციით და აზერბაიჯანის კონსტიტუციით პრეზიდენტი… ჩადიან გერმანიაში სახელმწიფოს ხელმძღვანელები და ხვდებიან კანცლერს, არ ხვდებიან პრეზიდენტს და ამაზე არ ტყდება ამბავი“. „თემებია ისეთი, რომლებიც პირდაპირ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ არის გათვალისწინებული და საკმაოდ კარგად იცის ეს პრეზიდენტმაც“, – ხაზი გაუსვა მანვე.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ „ბევრი საკითხებია ისეთი, რაზედაც სალომე ზურაბიშვილმა რაღაც უადგილო პრეტენზია გამოაცხადა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)