Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო-აშშ-ის მედიაციით, აზერბიჯანმა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა 

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და სანაცვლოდ ერევანმა ბაქოს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ტყვეები სომხურ მხარეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადასცეს, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეთანხმების მიღწევაში საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ეუთოს შვედეთის თავმჯდომარეობამ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეთანხმებას მხარეებმა „პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით“ მიაღწიეს.

„საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო თავის ისტორიულ მედიაციის როლს დაუბრუნდა, [აშშ] და ევროკავშირი დაბრუნდა კავკასიაში, ნდობის აღდგენა გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა“.

მიესალმა რა სომეხი დაკავებულების გათავისუფლებას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „მადლიერნი ვართ საქართველოს მთავრობის მიერ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში შესრულებული მნიშვნელოვანი როლისთვის. ასეთი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას მშვიდობიან მომავალთან დააახლოებს, რომელსაც ისინი იმსახურებენ“.

„პროცესი აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლების შუამავლობით წარიმართა, რისთვისაც სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საქართველოს მთავრობას“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა, მანე გევორგიანმა. „აზერბაიჯანში დარჩენილი ყველა ჩვენი თანამემამულის დაბრუნება სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია“, – დასძინა მან.

გავრცელებული ცნობებით, მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ აზერბაიჯანის ტყვეობაში, ათობით სომეხი ტყვე რჩება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button